
ბელგოროდში, მათ შორის უშიშროების სამსახურის შენობაზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან
13/03/2024 08:31:07 მსოფლიო
რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, ერთ-ერთი „უკრაინული“ დრონი შეეჯახა მრავალბინიან სახლს, აფეთქების შედეგად დაზიანებულია ფასადი და სახურავი და ჩამსხვრეულია ფანჯრები. გლადკოვის ცნობითვე, მსხვერპლი არ არის.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ბელგოროდის „ოპერატიულ სამსახურებზე“ დაყრდნობით წერს, რომ დრონით შეტევა იყო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობაზეც, რომლის ფასადი და ფანჯრები დაზიანებულია. მისი ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებლა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ გლადკოვის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა პროხოროვსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელშიც, სადაც ორი სახლი და ავტომობილი დაზიანდა.
ქალაქ ბელგოროდზე დრონებით შეტევა იყო 12 მარტსაც. დაზიანდა მერიის შენობა.