![ვილნიუსში ნავალნის უახლოეს თანამოაზრეს თავს დაესხნენ [ფოტო]](https://www.accentnews.ge/storage/files/volk.jpeg)
ვილნიუსში ნავალნის უახლოეს თანამოაზრეს თავს დაესხნენ [ფოტო]
13/03/2024 07:54:10 მსოფლიო
ვილნიუსში, 12 მარტის საღამოს უცნობი პირები თავს დაესხნენ ალექსეი ნავალნის უახლოეს თანამოაზრეს, მისი შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს ლეონიდ ვოლკოვს. ამის შესახებ The Insider იტყობინება კირა იარმიშზე მითითებით, რომელიც ნავალნის პრესმდივანად მუშაობდა დიდი ხნის განმავლობაში.
იარმიშის თქმით, უცნობმა „ჩაქუჩით ჩაამსხრია ვოლკოვის მანქანის მინა და თვალებში ცრემლსადენი გაზი შეასხა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ლეონიდის ჩაქუჩით ცემა დაიწყო“.
იარმიშმა განმარტა, რომ ვოლკოვი თავდამსხმელებს „მანქანის კარებითა და ფეხებით“ ებრძოდა, "ამიტომ, ურტყამდნენ იქ, სადაც მოხვდებოდა - ფეხებზე". ვოლკოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდასხმა მოხდა სახლთან, სადაც ვოლკოვი ცხოვრობს, ლიეტუვის დედაქალაქის გარეუბანში. ვილნიუსის პოლიციამ დაადასტურა თავდასხმა. მომხდარის შესახებ ვერსიები ჯერ არ გავრცელებულა.
თავდასხმის შედეგების ფოტოები ალექსეი ნავალნის კიდევ ერთმა მოკავშირემ ივან ჟდანოვმა გამოაქვეყნა. ფოტოებზე ჩანს, რომ ვოლკოვს თავი აქვს დაზიანებული, ხოლო ქვედა კიდურიდან – სისხლდენა.