
რუსეთის ორ რეგიონში საზღვრის გარღვევისა და ბრძოლების შესახებ იუწყებიან
12/03/2024 07:40:11 მსოფლიო
უკრაინული ტელეგრამ–არხები და ომის მომხრე რუსი ბლოგერები იტყობინებოდნენ უკრაინიდან საზღვრის შესაძლო გარღვევის შესახებ კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებში.
წინასწარი მონაცემებით, „თავისუფალი რუსეთის“ შეიარაღებულმა ფორმირებებმა, რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და ციმბირის ბატალიონმა საზღვარი ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში გადაკვეთეს. ისინი ძირითადად უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსებით არის დაკომპლექტებული.
კურსკის რაიონში, როგორც იუწყებიან, ბრძოლები სოფელ ტეტკინოს მიდამოში მოხდა. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ტანკი მოძრაობს ბელგოროდის სოფელ გორკოვსკის გარეუბანში.
კიევში მცხოვრები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ილია პონომარევის თქმით, რომელიც დაკავშირებულია ერთ-ერთ მოხალისეთა ქვედანაყოფთან, ბელგოროდის რეგიონის სასაზღვრო ქალაქი ლოზოვაია რუდკა "სრულიად განმათავისუფლებელი ძალების კონტროლის ქვეშაა".
ლეგიონის "თავისუფალი რუსეთის" ტელეგრამ–არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც, როგორც ამტკიცებენ, აღბეჭდილია საზღვრის გადაკვეთა.
იუწყებიან, რომ ტეტკინოში ორი ადამიანი დაშავდა. ტელეგრამ–არხ "ბაზას" ცნობით, ერთ-ერთი დაჭრილი ადგილობრივი მცხოვრებია. მეორეს შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. წინასწარი მონაცემებით, ბრძოლა ამ წუთებშიც გრძელდება. არტილერია მუშაობს.
ოფიციალურად მოსკოვსა და კიევს არ გაუკეთებია კომენტარი რუსეთის ორ რეგიონში საზღვრის გარღვევის შესახებ ცნობებზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ ლეგიონი „თავისუფალი რუსეთი“, რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და ციმბირის ბატალიონი რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი ნაწილები, ვინაიდან ისინი რუსებისგან შედგებიან. "ისინი, ბოლოს და ბოლოს, სახლში არიან. ალბათ, ახლა მიმდინარეობს ამ ქვედანაყოფების ერთობლივი ოპერაცია", - ციტირებს იუსოვის სიტყვებს Channel 24.