
რუსეთში „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყებიან
12/03/2024 05:39:21 მსოფლიო
რუსეთში „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყებიან.
როგორც რუსული მედია იტყობინება, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ქარხანა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის.
ოლქის გუბერნატორ გლებ ნიკიტინის ცნობით, კსტოვოს სამრეწველო ზონაში მდებარე „სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე“ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის გადამამუშავებელ დანადგარს. გუბერნატორის თქმით, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
ნიკიტინს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია, თუმცა კომპანია „ლუკოილის“ საიტზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ინციდენტის“ გამო მუშაობა „დროებით შეაჩერეს“ საწარმო „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზის“ ტექნოლოგიურმა დანადგარებმა.