
რუმინეთში არასრულწლოვნებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა აიკრძალა
11/03/2024 17:22:30 მსოფლიო
რუმინეთმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც კრძალავს არასრულწლოვნებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვას. იტყობინება Digi24.
რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმაკანონში შესაბამის ცვლილებებს ხელი მოაწერა. მანამდე პროექტს მხარი დაუჭირეს რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატაში 2023 წლის დეკემბერში და 2024 წლის თებერვალში.
კანონის თანახმად, იკრძალება არასრულწლოვნებზე სასმელების გაყიდვა ან შეთავაზება, რომლებიც აერთიანებს სხვადასხვა ვიტამინებსა და მინერალებს ცენტრალური ნერვული სისტემის ორ ან მეტ სტიმულატორთან, როგორიცაა კოფეინი, ტაურინი, კარნიტინი, გუარანა და სხვა.
წესების დარღვევისთვის ეკონომიკურ ოპერატორებს 30 ათასამდე ლეის (6000 ევრო) ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია საქმიანობის იძულებითი შეჩერება.
შეგახსენებთ, რომ დანიაც ემზადება შეზღუდოს ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა მოზარდებზე და გაზარდოს საღეჭი თამბაქოს ფასი მისი მზარდი პოპულარობის გამო.