
ბორელი ევროპაში იარაღის წარმოების გაზრდას მოითხოვს
11/03/2024 16:15:56 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში მოითხოვს, ევროპულმა სახელმწიფოებმა გაზარდონ თავდაცვის ინდუსტრიის მოცულობა.
”ორწლიანი მაღალი ინტენსივობის ომის შემდეგ, ხელმისაწვდომი მარაგი ამოიწურა და კონფლიქტი მიწოდების ომიდან გადაიზარდა წარმოების ომში”, - განმარტა მან.
ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის სტრატეგია, დასძინა ბორელმა, შექმნილია იარაღის წარმოების გრძელვადიანი განვითარებისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევისთვის. მთავარ პრობლემებს შორის მან გამოავლინა შეკვეთებისა და დაფინანსების ნაკლებობა, ასევე წარმოების კონცენტრაციის მაღალი ხარისხი რამდენიმე წევრ ქვეყანაში.
"რამდენიმე წევრ ქვეყანაზე მოდის მთელი ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის 90%. ინდუსტრიის წლიური ბრუნვა 70 მილიარდი ევროა და ასაქმებს 500 000 ადამიანს", - აღნიშნავს ბორელი.
ასევე, ბორელი აღნიშნავს, რომ ევროპული თავდაცვის საჭიროებების მხოლოდ 40%–ს აკმაყოფილებს შიდა წარმოება, „რაც ნიშნავს, რომ ჩვენი არმიები მათ მიერ გამოყენებული იარაღისა და აღჭურვილობის უმეტესობის იმპორტს ახორციელებენ“.
„ევროპაში არ არსებობს პენტაგონი, რომელიც მოთხოვნაზე მოახდენდა კონცენტრირებას და მრეწველობას უხელმძვანელებდა. ჩვენ უნდა დავძლიოთ ფრაგმენტაცია თანამშრომლობის გაძლიერებით, უფრო მეტი ერთობლივი თავდაცვითი შესყიდვების წახალისებით და საერთო ევროპული ინტერესის პროექტებით"“, - მოუწოდა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.
„ჩვენ თავდაცვის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ბაზა უნდა გავაძლიეროთ. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებამდე არავის წარმოედგინა, ახლა კი ნათელი გახდა. ეს აუცილებელი პირობაა, თუ გვსურს, რომ დაძაბულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება შევძლოთ“, - აღნიშნა ბორელმა.
ცალკე, ბორელმა ხაზი გაუსვა უკრაინასთან თავდაცვის სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა წელს ევროკავშირი-უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის ჩატარების და კიევში ევროკავშირის თავდაცვის ინოვაციების ოფისის გახსნის შესახებ.