
„დანებება არ არის მშვიდობა!“ – სტოლტენბერგი უკრაინის გაძლიერების მოწოდებით გამოდის
11/03/2024 15:15:25 მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თვლის, რომ დანებება არ ნიშნავს მშვიდობის მიღწევას, ამიტომ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, განაცხადა მან ბრიფინგზე ალიანსის შტაბ-ბინაში შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონიის დაწყებამდე.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გაძლიერება, რათა ვაჩვენოთ პრეზიდენტ პუტინს, რომ ვერ მიიღებს იმას, რაც სურს ბრძოლის ველზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დაიწყო ეს ომი და მასვე შეუძლია, დაასრულოს იგი, მაგრამ უკრაინას ასეთი შესაძლებლობა არ აქვს.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ორი წლის წინ გააჩაღა ომი, მას სურდა, მეტი კონტროლი მოეპოვებინა მეზობლებზე, მაგრამ ვერ შეძლო. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ალიანსი უფრო დიდი და ძლიერია, ხოლო უკრაინა "უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე ნატოში გაწევრიანებასთან".
მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერებმა უკრაინას გამოუცხადეს მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც რომის პაპმა ფრანცისკემ შვეიცარიულ ტელერადიოკომპანია RSI-თან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ ომის კონტექსტში უკრაინას მოუწოდა მოლაპარაკებისკენ და ასევე ისაუბრა "თეთრი დროშის" აღმართვის გამბედაობაზე. მიმართვას უკრაინიდან ხისტი რეაქცია მოჰყვა.