
კიშინიოვში: რუსეთი მოლდოვის დემოკრატიული ხელისუფლების დამხობას ცდილობს
11/03/2024 15:08:32 მსოფლიო
მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპსოიმ AP–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე რუსეთისგან მომავალ მრავალ საფრთხეს აწყდება.
”რუსები სწავლობენ, ადაპტირდებიან და ცდილობენ, დემოკრატიული პროცესი გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ... მოლდოვას დემოკრატიული ხელისუფლების დასამხობად,” - თქვა პოპსოიმ.
მისი თქმით, კიშინიოვმა იცის, რომ კრემლი თავისი მარიონეტების მეშვეობით აპირებს „უამრავი ენერგიისა და ფინანსური რესურსის“ გაღებას მიზნის მისაღწევად და მოლდოვის მოქალაქეების მოსყიდვას ცდილობს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთთან ვითარება კვლავ დაძაბულია და ის შიშობს, რომ რეგიონთან დაკავშირებული სპეკულაციებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქვეყანაში ინვესტიციებზე.
ამავდროულად, მან აღნიშნა მოლდოვას პროგრესი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყანა ახლა „სრულიად დამოუკიდებელია ან აქვს ალტერნატივა და შეუძლია, თავად აირჩიოს, სად შეიძენს გაზს და ელექტროენერგიას“.
პოპსოიმ ასევე აღნიშნა, რომ მოლდოველების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ცხოვრობს რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ, რომელმაც „ნატო საფრთხობელად აქცია“.
”მაგრამ ეს ხელს არ უშლის ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას და ჩვენი შეიარაღებული ძალების მედეგობის გაძლიერებას”, - თქვა პოპსოიმ.
მანამდე მოლდოვის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მუსტიატამ განაცხადა, რომ რუსეთი შეეცდება, ჩაერიოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში და სოციალური კონფლიქტების პროვოცირებას შეუწყოს ხელი გაგაუზიასა და დნესტრისპირეთში, რათა კომპრომისზე წავიდეს ხელისუფლება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.
ამასთან, მიჰაი პოპსოიმ გააფრთხილა, რომ რუსეთი გააგრძელებს ჰიბრიდულ ომს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის წინა დღეს.
ამ საფრთხეებზე ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის მკვლევრებმაც გაამახვილეს ყურადღება.
მანამდე იუწყებოდნენ, რომ ევროპული სახელმწიფოები განიხილავდნენ, როგორ გაეძლიერებინათ მოლდოვას სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის წინაშე დგას.