
ბერბოკი – რომის პაპის განცხადებაზე: "გულწრფელად მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა"
11/03/2024 11:48:57 მსოფლიო
"გულწრფელად მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა", – ასე ეხმიანება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას, რომლის თანახმად, "უკრაინამ თეთრი დროშის აწევისა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის გამბედაობა უნდა გამოიჩინოს".
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ საკუთარი თვალით დანახვით შეიძლება.
"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე საუბრისას, ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საკუთარი თვალით ხედავ. ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, მთელ მსოფლიოს უნდა ეყოს გამბედაობა, დადგეს უკრაინელი ხალხის მხარეს და გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინამ თავი დაიცვას.
„თუნდაც მცირედი შანსი რომ ყოფილიყო რუსეთის რეჟიმის მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის გამოვლენის, მაშინ მთელი მსოფლიო მზად იქნებოდა ამისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ყოველდღიურად საპირისპიროს ვხედავთ“, - აღნიშნა ბერბოკმა.