
ზურაბ აბაშიძე: რაც უფრო მეტი პროდუქცია გავა ჩვენი უცხოეთში, მათ შორის – რუსეთში, ამით იხეირებს ჩვენი ქვეყანა და ექსპორტი
11/03/2024 09:56:38 პოლიტიკა, ეკონომიკა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადეს, რომ რაც უფრო მეტი პროდუქცია გავა ჩვენი უცხოეთში მათ შორის, რუსეთში, ამით იხეირებს ჩვენი ქვეყანა და ექსპორტი. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
კითხვზე, ნამდვილად ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთში ექსპორტის გაზრდა საქართველოს ეკონომიკის კარგია და ქართული ბიზნესისთვის, ნაკლებ რისკიანია, იმ პირობებში რომ ვიცით რამდენად "სანდო" პარტნიორია რუსეთი, აბაშიძემ შემდეგი განაცხადა:
"მე მხედველობაში მქონდა ის, რომ 2010 წელს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ბალანსის თვალსაზრისით სრულიად მორღვეული იყო. იმპორტი 10-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ექსპორტი. ეს იყო გამოწვეული ემბარგოთი და ეს მქონდა მხედველობაში. 2011 წელს რუსეთი გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და გარკვეული ვალდებულებები აიღო. ამ ვალდებულებების შესაბამისად და ჩვენი ძალისხმევითაც ექსპორტისა და იმპორტის დიდი სხვაობა დაბალანსდა. დიახ, ვთვლი, რომ საქართველოდან ექსპორტის ზრდა ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში კარგია. ამან მილიარდობით პროდუქციის გატანის საშუალება მოგვცა რუსეთში. რუსეთში მილიარდობით პროდუქცია გავიდა და ეს ფული შემოვიდა".
მისივე თქმით, რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების კუთხით რისკები არსებობს, რომლებსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება:
"რისკები არის, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით. ამ რისკებს ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა უნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენი საგარეო ვაჭრობა დივერსიფიცირებულია. რუსეთის წილი ზოგადად, სავაჭრო ბრუნვაში სადღაც, 11,2%-ია. შარშან ეს ასე იყო, არ არის ეს ძალიან დიდი ციფრი. ყველაზე დიდი პარტნიორი თუკი ავიღებთ ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებს, როგორც ერთ ბაზარს, როგორც არის სინამდვილეში, სამჯერ მეტია საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანასთან. მეორე ადგილზე თურქეთია, მესამეზე - რუსეთის ფედერაცია. თუმცა ექსპორტსა და იმპორტს შორის ხშირად არის ცვლილებები, ხან ერთი ქვეყანა ჩაანაცვლებს რუსეთს მესამე - მეოთხე ადგილზე, ხან მეორე ქვეყანა. რაც უფრო მეტი პროდუქცია გავა ჩვენი უცხოეთში მათ შორის, რუსეთში, ამით იხეირებს ჩვენი ქვეყანა და ექსპორტი".
ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრის მრჩევლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია დაინიშნა. მას რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. ხოლო პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა. იგი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი 2012 წლის ბოლოდან იყო. იგი "აბაშიძე- კარასინის" ფორმატში მოლაპარაკებებს მართავდა.