Accentnews.ge
"გვესმის, რომ იქ ”სიკეთით” არ ჩავსულვართ": მოსკოვში უკრაინელი ბავშვები აშინებთ

"გვესმის, რომ იქ ”სიკეთით” არ ჩავსულვართ": მოსკოვში უკრაინელი ბავშვები აშინებთ

11/03/2024 08:37:44 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლება უკრაინიდან რუსეთში გადაყვანილ ბავშვების „ხელახალი განათლების“ და ციფრული კონტროლის სისტემას ქმნის,– ამის შესახებ ნათქვამია გამოცემა "მედუზას" გამოძიებაში, რომელმაც შეისწავლა რუსეთის განათლების სამინისტროს დოკუმენტები უკრაინელი ბავშვების ე.წ. ინტეგრაციის შესახებ და ანონიმურობის პირობით ისაუბრა ამ დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

დოკუმენტები და ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ეს არის უკრაინელი ბავშვების ინდოქტრინაციის პროგრამა, რომლებსაც უნერგავთ აზრს, რომ ისინი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდებიან. ამასთან, ოფიციალური პირები შიშობენ, რომ უკრაინელი ბავშვები რუსეთის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას შეინარჩუნებენ და მომავალში რუსეთის ხელისუფლებას დაუპირისპირდებიან.

სწორედ ბავშვების მასობრივი დეპორტაცია გახდა მიზეზი, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა დაპატიმრების ორდერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ.

განათლების სამინისტროს დოკუმენტებში, კერძოდ, ნათქვამია, რომ რუსი მასწავლებლების წინაშე დგას ამოცანა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების „ახალგაზრდა თაობის რუსულ იდენტობაზე ხელახალი ორიენტირება“, კერძოდ, მათი აღზრდა რუსული „სულიერი და მორალური ღირებულებების“ საფუძვლებზე და „დესტრუქციული იდეოლოგიისგან“ გათავისუფლება. ეს "იდეოლოგია" განხილულია სახელმძღვანელოში სახელწოდებით "კონფლიქტების პრევენცია, ექსტრემიზმისა და ტერორიზმის გამოვლინება მულტიკულტურულ საგანმანათლებლო გარემოში" და მის თანდართულ ლექსიკონში, რომელიც შეიცავს სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებიც შესაძლოა, უკრაინელმა ბავშვებმა გამოიყენონ და რომლებსაც რუსული ხელისუფლება ნაციონალისტური იდეოლოგიების გამოვლინებად მიიჩნევს, მათ შორისაა მისალმება „დიდება უკრაინას“ და რუსეთისა და რუსების ნეგატიურად შეფასება.

სხვა სახელმძღვანელოში, სახელწოდებით „საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან ჩამოსული თინეიჯერების თანმხლები“, ასეთმა ბავშვებმა შეიძლება გამოხატონ „პროტესტი“, „უკმაყოფილება“, „უფროსების მიმართ უნდობლობა“ და საერთოდ არ შეხედონ მოვლენებს „ნეიტრალური დამკვირვებლის თვალით“. სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ თუ ბავშვის მშობლები გარდაცვლილები ან უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან, მაშინ მასწავლებელმა პირდაპირ უნდა უთხრას ბავშვს მათი გარდაცვალების შესახებ, მისცეს საშუალება „განიცადოს“ და უკრაინიდან ბავშვების გადმოსახლების მიზეზი „გეოპოლიტიკური სიტუაციის გართულებით“ უნდა ახსნას.

სკოლის პერიოდში ბავშვს უნდა განუვითარდეს „რუსული იდენტობა“, ნათქვამია დოკუმენტებში. სწავლების შედეგად მოსწავლემ უნდა იგრძნოს „სიამაყე თავისი ქვეყნით, პატრიოტიზმი და ქვეყნის მიმართ კუთვნილება“. რეკომენდაციებში არ არის მითითებული, რომელი სახელმწიფოებრიობით უნდა იამაყოს.

რამდენიმე მასწავლებელი, რომლებთანაც "მედუზამ" ისაუბრა, აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში ეს სახელმძღვანელოები ყოველთვის არ გამოიყენება.

განათლების სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, თანამშრომლები „ერთმანეთში მსჯელობენ იმაზე, რომ უკრაინელი ბავშვები პოტენციური ტერორისტები არიან“. ”ჩვენ არ ვართ სულელები და გვესმის, რომ რუსეთი არ ჩასულა უკრაინაში ”მშვიდობითა და სიკეთით” და რომ ბავშვებმა, რომლებიც იქიდან მტრულ გარემოში გადაიყვანეს, შეიძლება, წინააღმდეგობა დაიწყონ”, - თქვა გამოცემის თანამოსაუბრემ.

"მედუზამ" ასევე შეისწავლა რუსეთის განათლების სამინისტროს 2023 წლის სამი კვარტლის ანგარიშები „ობოლთა და მშობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების იდენტიფიკაციისა და განთავსების შესახებ“ და აღმოაჩინა მტკიცებულებები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების შვილად აყვანის შესახებ. დოკუმენტებში ათეულობით ბავშვზეა საუბარი. ლვოვა-ბელოვამ ადრე განაცხადა, რომ რუსებს არ შეუძლიათ ამ ტერიტორიებიდან ბავშვის შვილად აყვანა, მხოლოდ მეურვეობის ქვეშ უნდა აიყვანონ.

"მედუზას" გამოძიება ასევე საუბრობს განათლების სამინისტროსა და ახალგაზრდული გარემოს კვლევისა და ქსელური მონიტორინგის ცენტრის (CISM) ერთობლივ პროექტზე, რომელიც მონიტორინგს უწევს მოზარდების ქცევას სოციალურ ქსელებში, მათი ანგარიშების დეანონიმიზაციის შესაძლებლობით. განათლების სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, CISM „ჩვენს ორგანოებს ეხმარება იდენტიფიცირებაში წინააღმდეგობის აქტივისტების და რუსეთის ხელისუფლების ოპონენტების“. 2023 წელს ცენტრმა ბიუჯეტიდან 621 მილიონი რუბლი მიიღო, აღნიშნავს.

განათლების სამინისტროს ბაზაზე ასევე მოქმედებს ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას ინიციატივით შექმნილი მოზარდთა სოციალიზაციის პროგრამების განვითარების ფედერალური ცენტრი. ის ჩართულია უკრაინელი ბავშვების რუსულ საზოგადოებაში "ინტეგრაციაში": მაგალითად, ის ატარებს ტრენინგებს მოზარდებისთვის, სადაც ბავშვებს უამბობენ „ჩვენი ქვეყნის მიღწევებზე“.

უკრაინის მონაცემებით, ომის დროს 20 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი აღმოჩნდა რუსეთის კონტროლის ქვეშ. 2023 წლის მარტში, ICC-მ ჰააგაში გასცა პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის, კერძოდ ბავშვების იძულებით დეპორტაციასა და გადასახლებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S