
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
10/03/2024 07:38:15 საზოგადოება
უკრაინაში, საომარი ოპერაციისას კიდევ ორი ქართველი მებრძოლი – ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია "ქართულმა ლეგიონმა" 9 მარტს გაავრცელა.
ორივე მათგანი "ლეგიონის" წევრები იყვნენ და უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან იბრძოდნენ.
როგორც ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი ამბობს, დაღუპულების ცხედრები ფრონტის ხაზიდან გამოყვანილია.
"სამწუხაროდ, ფრონტის ხაზზე მოხდა უბედური შემთხვევა. საბრძოლო მასალის გადატანის დროს ამოტრიალდა საბრძოლო მანქანა და ორივე მებრძოლი გარდაიცვალა. იყვნენ პროფესიონალი სამხედროები, კარგად გამოიჩინეს თავი, გლოვის დღეა ქართულ ლეგიონში", - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
ნოდარ ნასიროვს, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ჰყავდა, უკრაინაში დაკრძალავენ, გიორგი გოგიაშვილს კი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საქართველოში გადმოასვენებენ.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.