
სიკორსკი: უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა არაა წარმოუდგენელი რამ
08/03/2024 18:43:18 მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი თვლის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ წამოჭრილი დისკუსია უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ სასარგებლოა რუსეთზე ზემოქმედებისთვის. ამის შესახებ მან 8 მარტს პოლონეთის სეიმში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც პოლონეთის ნატოში გაწევრიანების 25 წლისთავს მიეძღვნა.
მაკრონის სიტყვების კომენტირებისას სიკორსკიმ გაიხსენა, რომ მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობდა ისტორიაში, კერძოდ, 1950-1953 წლების კორეის ომის დროს, როდესაც სახელმწიფოთა კოალიცია გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით წავიდა ქვეყნის დასახმარებლად.
"გახსოვდეთ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე შეჭრისთანავე 190 ქვეყნიდან 140-ზე მეტმა ხმა მისცა და დაგმო აგრესია. ეს არ არის მხოლოდ განცხადება პრესისთვის, ეს არის სამართლებრივი ბაზის შექმნა", – განაცხადა დიპლომატმა.
ამის გათვალისწინებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაში გაეროს წევრი ქვეყნების კოალიცია აგრესიის შესაჩერებლად "რაღაც წარმოუდგენელი არ არის“.
„ამიტომ ვაფასებ საფრანგეთის ბოლო დღეების ინიციატივას, რადგან, ჩემი აზრით, მას აქვს კარგი განზრახვა, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი? და არ უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ კრეატიულს არაფერს გავაკეთებთ, შესაბამისად, შეძლებს თავისი სცენარების დაგეგმვას“, - ხაზგასმით აღნიშნა სიკორსკიმ.
მაკრონმა პარიზში ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა, თუმცა თქვა ისიც, რომ ამ ეტაპზე ერთსულოვნება არაა. მოგვიანებით, ჩეხეთში ვიზიტისას მან პარტნიორებს მოუწოდა, "ნუ იქნებიან მშიშრები" უკრაინის დახმარების საკითხში.