
ინდოეთის სპეცსამსახურმა გამოავლინა მსხვილი ქსელი, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს მოტყუებით გზავნიდნენ საომრად
08/03/2024 18:06:53 მსოფლიო
ინდოეთის სადაზვერვო სამსახურებმა აღმოაჩინეს ადამიანებით ვაჭრობის მსხვილი ქსელი, რომლის მონაწილეებმა მოტყუებით გადაიბირეს ახალგაზრდები რუსეთში, იძულებით მოაწერინეს ხელი კონტრაქტზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და გაგზავნეს უკრაინაში საომრად. ამის შესახებ Reuters ინდოეთის გამოძიების ცენტრალურ ბიუროზე (CBI) მითითებით წერს.
CBI-ს ინფორმაციით, ქსელის ფუქნციონირების დროს გადაიბირეს მინიმუმ 35 ადამიანი. ყველა მსხვერპლს, გამოძიების თანახმად, შესთავაზეს რუსეთში წასვლა სამუშაოდ ან „საეჭვო კერძო უნივერსიტეტებში“ ჩარიცხვაში დახმარება. კრიმინალები თავიანთ მსხვერპლს სოციალურ ქსელებში და ადგილობრივი კომპანიების, კერძოდ ტურისტული სააგენტოების მეშვეობით უკავშირდებოდნენ.
„ინდოეთის მოქალაქეები, რომლებიც გახდნენ კრიმინალური სქემის მსხვერპლი, გაწვრთნეს საბრძოლო მოქმედებისთვის და მათი ნების საწინააღმდეგოდ გაგზავნეს ბაზაზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ზონაში“, - ციტირებს Reuters CBI-ს განცხადებას.
უკრაინაში რუსეთის გავლით უკვე გაგზავნილთა შორის არიან მძიმედ დაჭრილები, დასძინა უწყებამ.
სადაზვერვო სამსახურებმა ჩაატარეს ჩხრეკა 13 ორგანიზაციაში, რომლებიც შესაძლოა, ჩართული ყოფილიყვნენ ინდოელების გადაბირებაში უკრაინის ომისთვის, ზოგიერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.
ერთი დღით ადრე რუსეთში ინდოეთის საელჩომ გამოაცხადა მისი მოქალაქის შრი მუჰამედ ასფანის გარდაცვალების შესახებ. დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ტრაგიკულად გარდაიცვალა და მის ნეშტს სამშობლოში გადაასვენენ. The Statesman-ის ცნობით, 30 წლის ასფანი ტელანგანიდან რუსეთში 2023 წლის დეკემბერში ჩავიდა. მას ასისტენტად დასაქმებას დაპირდნენ, თუმცა საბრძოლველად უკრაინის საზღვარზე გაგზავნეს. მანამდე ინდოეთის მოქალაქეების მინიმუმ ორმა ჯგუფმა ითხოვა დახმარება. ერთი ჯგუფი დაპირებული სამუშაოს ნაცვლად აღმოჩნდა საომარი მოქმედებების ზონაში, მეორე – ტურისტული მიზნით იმყოფებოდა რუსეთში, თუმცა ისინიც ომში გაგზავნეს.