Accentnews.ge
შვეიცარიის სენატმა დაამტკიცა გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა

შვეიცარიის სენატმა დაამტკიცა გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა

08/03/2024 09:12:56 მსოფლიო

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციას. 21 სენატორმა ნება დართო მთავრობას, გამოიყენოს ეს თანხები უკრაინის ომისთვის რეპარაციების გადასახდელად. 19-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, სამმა კი თავი შეიკავა, – იუწყება SRF.

პარლამენტის ქვედა პალატამ მსგავსი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2023 წელს მიიღო. სენატორებმა მოუწოდეს მინისტრთა კაბინეტს, დაიწყოს სამართლებრივი მექანიზმის შემუშავება, რომელიც რეზოლუციის აღსრულების საშუალებას მისცემს.

მთავრობა ამ იდეას მხარს უჭერს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაზიო კასისმა განაცხადა, რომ „რუსეთმა სერიოზულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი“.

შვეიცარიაში დაბლოკილია რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის 8 მილიარდ დოლარზე მეტი რეზერვები და აქტივები. მინისტრმა აღნიშნა, რომ კონფედერაცია უკვე მონაწილეობს საერთაშორისო ძალისხმევასა და დისკუსიებში უკრაინისთვის კომპენსაციისა და რეპარაციების შესახებ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა უკვე მონაწილეობს საერთაშორისო ძალისხმევასა და დისკუსიებში უკრაინისთვის კომპენსაციისა და რეპარაციების შესახებ.

ომის დაწყებიდან შვეიცარიამ 3,4 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო კიევს. მთავრობა გეგმავს ამ თანხის ნახევრის დახარჯვას 2025 წლიდან 2028 წლამდე და სამშვიდობო კონფერენციის გამართვას ამ წლის ბოლოს.

„არ უნდა მოგვიწიოს სირცხვილისგან გაწითლება, როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაზე საერთაშორისო ასპარეზზე, იქნება ეს ფინანსური, დიპლომატიური თუ ჰუმანიტარული სფერო“, - ხაზგასმით აღნიშნა კასისმა.

სენატის გადაწყვეტილებას მოსკოვში გამოეხმაურნენ. თუ შვეიცარია გადაწყვეტს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას, ეს დააზარალებს მის იმიჯს, - თქვა რუსეთის ელჩმა ბერნში სერგეი გარმონინმა.

შვეიცარია იცავს სამხედრო ნეიტრალიტეტის პოზიციას, შესაბამისად, არ აწვდის იარაღს უკრაინას და კრძალავს მათ რეექსპორტს, თუმცა, ის შეუერთდა ევროკავშირის ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

ჯამში დასავლეთის ქვეყნებმა $300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები დაბლოკეს. მათი უმეტესობა ევროპაშია. იანვრის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროკომისიის ინიციატივას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების თაობაზე. წინასწარი შეფასებით, თანხა შეიძლება იყოს 15-17 მილიარდი ევრო წელიწადში.

6 მარტს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ლონდონი მზადაა, მიაწოდოს კიევს ქვეყანაში რუსეთის ცენტრალური ბანკის დაბლოკილი სახსრები, როგორც გარანტია იმისა, რომ მოსკოვი ომის დასრულების შემდეგ უკრაინას რეპარაციას გადაუხდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S