
ნიგერიაში სკოლიდან 300–მდე ბავშვი გაიტაცეს
08/03/2024 08:12:02 მსოფლიო
ჩრდილო-დასავლეთ ნიგერიაში ბოევიკებმა სკოლის 280-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Daily Post-ი იტყობინება.
აღნიშნულია, რომ თავდასხმა მოხდა დილით, როდესაც სასწავლო დაწესებულებაში საერთო კრება იმართებოდა.
მოსწავლეები ათობით შეიარაღებულმა პირმა მოტოციკლეტებით გაიტაცა. მათი ასაკი 8-15 წელია.
ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელმაც გაქცევა მოახერხა, ამბობს, რომ ადგილობრივებმა ბავშვების გადარჩენა სცადეს, მაგრამ ისინი შეიარაღებულმა პირებმა მოიგერიეს და დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ნიგერიაში გამტაცებელმა ბანდებმა ბოლო წლებში, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ასობით ადამიანი გაიტაცეს. იანვარში მათ სკოლის დირექტორი მოკლეს და მისი ცოლი გაიტაცეს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ადამიანების გატაცების ფაქტების აღმოფხვრის მცდელობის მიზნით, 2022 წელს მიიღეს საკამათო კანონი, რომლითაც გამოსასყიდის გადახდის კრიმინალიზებას ახდებს. სასჯელი მინიმუმ 15 წლიანი პატიმრობაა, თუმცა ჯერ არავინ დაუპატიმრებიათ.