
ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს მიმართა, მშვიდობიანი პალესტინელებისთვის დახმარების გასაწევის მიზნით ღაზასთან დროებითი ნავმისადგომი ააშენონ
08/03/2024 06:12:51 მსოფლიო
მშვიდობიანი პალესტინელებისთვის დახმარების გასაწევის მიზნით აშშ ღაზასთან დროებით ნავმისადგომს ააშენებს. გადაწყვეტილება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ კონგრესისადმი ტრადიციული მიმართვისას.
ბაიდენის თქმით, მან ამერიკელ სამხედროებს უბრძანა უხელმძღვანელონ ხმელთაშუა ზღვაში, ღაზის სანაპიროზე დროებითი ნავმისადგომის შექმნის საგანგებო მისიას.
"ამ გზით შესაძლებელი იქნება ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის მსხვილი ტვირთების - სურსათის, წყლის, მედიკამენტების და სხვა საჭირო საშუალებების მიწოდება. 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელს "ჰამასის" წინააღმდეგ მოქმედების სრული უფლება აქვს, მაგრამ ღაზას სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაზეც ფუნდამენტური პასუხისმგებლობა ეკისრება. ჰუმანიტარული დახმარება ვერ იქნება მეორეხარისხოვანი ფაქტორი და უდანაშაულო ადამიანების დაცვა და გადარჩენა პრიორიტეტი უნდა იყოს", – განაცხადა ბაიდენმა.
ისრაელმა ღაზას სექტორში პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "ჰამასის" წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, მოძრაობის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს.
ისრაელის მონაცემებით, "ჰამასის" თავდასხმას, სულ მცირე, 1200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მძევლობაში 250-ზე მეტი პირი აღმოჩნდა . მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს.
"ჰამასის" მიერ მართული ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია 30 700-ზე მეტი პალესტინელი. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო ღაზას სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. გაერო და მისი წევრი სახელმწიფოების ნაწილი ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებენ.