
მედია: რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ბათუმის ნავსადგურში იმყოფებოდა, ნორვეგიულ კომპანიას ეკუთნის
07/03/2024 19:10:35 საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი ASSIA ბათუმის ნავსადგურში ნამდვილად იმყოფებოდა და ის ნორვეგიულ კომპანიას ეკუთვნის, – იუწყება "რადიო თავისუფლება"
როგორც გამოცემა იტყობინება, უწყებას ამბის გარკვევის მიზნით მას შემდეგ მიმართა, რაც მას წყარომ ინფორმაცია მიაწოდა, იმის შესახებ რომ რუსული დროშის ქვეშ მცურავი საზღვაო ხომალდი ASSIA ბათუმის ნავმისადგომებთან გამოჩნდა.
"გემების გადაადგილების მონიტორინგის ვებ-საიტზე VesselFinder-ზე ჩანდა, რომ ბათუმის პორტში რუსული დროშით ტანკერი ASSIA 7 მარტს 10:58 წუთზე შევიდა. იგივე გემი ფოთის პორტში მიმდინარე წლის 30 და 31 იანვარს იმყოფებოდა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის „Assia (IMO 9624304)" რეგისტრირებული მფლოებლია ნორვეგიული კომპანია - PB Norge AS (Company IMO: 5516016). გემი, გემის რეგისტრირებული მფლობელი კომპანია და ასევე, კომერციული ოპერატორი კომპანია არ იძებნება სანქცირებულ პირების ან კომპანიების ჩამონათვალში.
გემი ASSIA (IMO 9624304, MMSI 273356360) 2012 წელსაა აგებული და ქიმიკატებსა და ნავთობპროდუქტებს გადაზიდავს", – იუწყება "რადიო თავისუფლება".
„ევროკავშირის 833/2014 დირექტივის თანახმად, რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე არ ვრცელდება სანქციები გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, სანქციები არ ვრცელდება ნავთობ-პროდუქტებით დატვირთულ გემზე, თუ ტვირთი ფასების რეგულირების მექანიზმის გათვალისწინებითაა შესყიდული, რაც კონტროლდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ“ - განუცხადეს "რადიო თავისუფლებას" საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრეს–სამსახურში.