
სახდეპი: შვედეთი NATO–ში ოფიციალურად გაწევრიანდა
07/03/2024 13:55:14 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შვედეთი NATO–ს ოფიციალურად შეუერთდა. ამდენად, ალიანსს 32 წევრი ჰყავს.
26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შვედეთის ალიანსში გაწევრიანების ოქმის რატიფიცირებას. მომხრე 188 დეპუტატი იყო, ექვსი – წინააღმდეგი. ამრიგად, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს. 5 მარტს ოქმს ხელი მოაწერა უნგრეთის პრეზიდენტმა ტამაშ შუიოკმა. პრეზიდენტის რანგში ეს მისი პირველი გადაწყვეტილება იყო.
თურქეთის შემდეგ უნგრეთი ალიანსის ბოლო წევრი იყო, რომელიც შვედეთის NATO–ში გაწევრიანებას აბრკოლებდა.
შვედეთმა NATO-ში წევრობის განაცხადი 2022 წლის გაზაფხულზე, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთთან ერთად შეიტანა. მანამდე, ორივე ქვეყანა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ათწლეულობის განმავლობაში იცავდა.