
ნანა მალაშხია ახალგაზრდებს მიმართავს: მარტის აქციების გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ
07/03/2024 12:53:10 საზოგადოება
2023 წლის მარტის აქციების 1 წლისთავზე ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია ახალგაზრდებს მიმართავს და „ბრძოლის, ერთიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის” მადლობას უხდის.
იგი ახალგაზრდებს მოუწოდებს, იაქტიურონ ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებზე და მხარდაჭერას უცხადებს ლაზარე გრიგორიადისს.
მალაშხიას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენო ძვირფასებო და საამაყოებო, ჩვენო ახალგაზრდებო, მადლობას გიხდით მარტში თქვენი ბრძოლისთვის, თქვენი ერთიანობისთვის, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის. რომ არა თქვენ, ეს გამარჯვება არ დადგებოდა! რომ არა თქვენ, დავადგებოდით ისეთი ავტორიტარიზმისა და დიქტატურის გზას, საიდანაც თავის დახსნა წარმოუდგენლად რთული იქნებოდა.თქვენ ზუსტად და სწორად შეაფასეთ და შეიგრძენით ეს საფრთხე. საფრთხე, რომელიც თქვენს თავისუფლებასა და მომავალს ემუქრებოდა და ამაზე გქონდათ სრულიად სწორი და ადექვატური პასუხი. თქვენმა თანმიმდევრულობამ, ბრძოლაში სიჯიუტემ და განსაკუთრებით კი სილაღემ, სრულიად მომნუსხა. დღესაც ემოციების გარეშე ვერ ვუყურებ თქვენს კადრებს - ლაღები, თავისუფლები, ჭკვიანები, ლამაზები. თქვენია ეს ქვეყანა ! თქვენ უნდა გვატაროთ დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოს გზაზე. ერთი წელი გადის მას მერე, რაც ხელისუფლების პირველმა პირებმა ჯერ " სატანისტურ ფორმებში გამოწყობილები, ორიენტაცია არეულები" გიწოდათ, მერე კი თქვენი თანატოლი , ლაზარე გრიგორიადისი შეარჩია თავის სასურველ კანდიდატად და დაიჭირა. ერთი წელი გადის, რაც მას ბრალს ვერ უმტკიცებენ და ის დღეს ისევ ციხეშია! მარტის აქციების გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ! #თავისუფლებალაზარეს ! ოქტომბერში უმნიშვნელოვანესი არჩევნებია. პოლიტიკურ პროცესებში თქვენი ჩართულობა ისეთივე გადამწყვეტი იქნება, როგორც მარტში. ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა და უნდა დავასრულოთ არა მარტო საარჩევნო ყუთებთან მისვლით, არამედ, თუ საჭირო გახდება, ჩვენი ხმების დაცვითაც ! გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენი ხმა განსაზღვრავს სად და როგორ ვიცხოვრებთ ხვალ, ვიქნებით თუ არა ევროპული ოჯახის წევრი და დავადგებით თუ არა შეუფერხებელი განვითარების გზას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ! შინ ევროპისკენ !".