
რუსეთში ინდოეთის საელჩომ თავისი მოქალაქის დაღუპვის შესახებ განაცხადა, ის ომში მონაწილეობდა
07/03/2024 12:16:55 მსოფლიო
რუსეთში ინდოეთის საელჩომ განაცხადა მისი მოქალაქის შრი მუჰამედ ასფანის დაღუპვის შესახებ. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ტრაგიკულად დაიღუპა და რომ მის ნეშტს სამშობლოში გადაასვენენ. სიკვდილის გარემოებები არ გავრცელებულა.
The Statesman-ის ცნობით, 30 წლის ასფანი ტელანგანიდან რუსეთში 2023 წლის დეკემბერში ჩავიდა. მას ასისტენტად დასაქმებას დაჰპირდნენ, მაგრამ მოტყუებით აღმოჩნდა ჯერ რუსეთის ჯარში, შემდეგ კი უკრაინის საზღვარზე გაგზავნეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.
The Hindu-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ასფანის სიკვდილი 6 მარტს დაფიქსირდა, გაურკვეველია, როდის გარდაიცვალა ის სინამდვილეში. იმრანმა, გარდაცვლილის უფროსმა ძმამ, განუცხადა გამოცემას, რომ ასფანმა რუსეთში შემოთავაზებული სამსახურის შესახებ შეიტყო YouTube ბლოგერის Baba Vlogs-ისგან. მან თითქოს დაარწმუნა, რომ სამუშაო არ იყო დაკავშირებული სამხედრო ოპერაციებთან.
იმრანის თქმით, 13 ნოემბერს ასფანი იძულებული გახდა რუსულ ენაზე შედგენილ ერთწლიან ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი, რომლის შინაარსიც მან არ იცოდა. მან დაუჯერა შუამავალს და დათანხმდა. მოგვიანებით მამაკაცი მიხვდა, რომ საუბარი იყო ომში მონაწილეობაზე, მაგრამ შუამავალი არწმუნებდა, რომ ბრძოლა არ მოუწევდა.
2024 წლის თებერვალში ინდოეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ისინი ცდილობენ, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ჯარში ჩარჩენილი 20-მდე მოქალაქე. AFP წერს, რომ ინდოეთის რამდენიმე მოქალაქეს, სავარაუდოდ, შესთავაზეს დანგრეული შენობების გაწმენდაზე დასაქმება, მაგრამ ადგილზე „იარაღი გადასცეს“. ორიოდ დღის წინ ანალოგიური გამოცდილების შესახებ ისაუბრეს ექვსმა ინდოელმა ვიდეომიმართვაში, რომლებიც რუსეთში, მათი თქმით, ტურისტული მიზნებით იყვნენ ჩასული.