
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: კომერციულ გემზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის 3 წევრი დაიღუპა და 4 დაშავდა
07/03/2024 05:54:06 მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ იემენის ტერიტორიიდან სავაჭრო გემზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
„ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტი ტერორისტების მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავ და ლიბერიის კუთვნილ ხომალდ True Confidence-ის მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა ისროლეს, როდესაც ის ადენის ყურეში ტრანზიტით მოძრაობდა“, - აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.
ცნობისთვის: იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ. პირველი თავდასხმა 19 ნოემბერს მოხდა იაპონურ გემ Galaxy Leader-ზე. მას შემდეგ მეამბოხეებმა რაკეტებით და დრონებით კიდევ 25 შეტევა განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებზე. არაერთი თავდასხმა მოიგერიეს აშშ-ის და მისი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო გემებმა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია. თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.