
გარი კასპაროვი რუსეთში ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს
06/03/2024 14:39:47 მსოფლიო
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ თანადამაარსებელი გარი კასპაროვი „როსფინმონიტორინგის“ ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს.
რეესტრის თანახმად, მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით.
გასული წლის ბოლოს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ "კასპაროვისა და მისი თანამებრძოლის ივან ტიუტრინის მოქმედებებში დანაშაულის ნიშნები დაინახა უკრაინის მხარეს მეომარი რუსი მოხალისეების დასახმარებლად მოწყობილი აუქციონის გამო".
გარი კასპაროვი, რომელიც მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია ჭადრაკში, რუსეთში ოპოზიციური მოძრაობის აქტიური მონაწილეა. 2013 წელს მან დატოვა რუსეთი. კასპაროვი აქტიურად გამოდის, მათ შორის ამერიკულ მედიაში, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და უკრაინას უჭერს მხარს.