
ფსიქიატრმა იძულებით ჰოსპიტალიზებულ აქტივისტს მეგობრებთან ურთიერთობა აუკრძალა არგუმენტით, რომ „შეხვედრებით მას საავადმყოფოს მალე დატოვება სურს"
06/03/2024 13:44:16 მსოფლიო
რუსეთში იანვრის ბოლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანილი აქტივისტის იგორ გორლანოვის "მკურნალმა" ექიმმა ოლგა პროსკურინამ პაციენტის მეგობრებს მასთან ვიზიტი აუკრძალა.
„შეხვედრების მოტივი ის არის, რომ მას უნდა, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს საავადმყოფოდან (უცნაური სურვილია, არა?). ეს არის ის, რაც განაპირობებს კონტაქტის აკრძალვას“, - წერს აქტივისტის ადვოკატი ალექსეი პრიანიშნიკოვი.
მან ასევე ბრალი დასდო საავადმყოფოს მთავარ ექიმს ნატალია ზავიალოვას, რომ გორლანოვს არ აძლევდა სასამართლოში საჩივრის გაგზავნის შესაძლებლობას მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
ადვოკატმა საავადმყოფოს ადმინისტრაციის უკანონო ქმედებების შესახებ განცხადებები გაუგზავნა პროკურატურას და კემეროვოს რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის განყოფილებას. როგორც ადვოკატი განმარტავს, საავადმყოფოს ადმინისტრაციას კანონი ავალდებულებს, უზრუნველყოს პაციენტისთვის სახელმწიფო ორგანოებში საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა.
პოლიციამ არაერთხელ დააკავა ბავშვთა სახლის აღსაზრდელი იგორ გორლანოვი ობლების მხარდასაჭერად და წამების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე. მორიგი დაკავების შემდეგ სასამართლომ ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნა. ადვოკატის თქმით, გორლანოვმა „ბევრი უსიამოვნება შეუქმნა პოლიციას და ნოვოკუზნეცკის ადმინისტრაციას“.
აქტივისტების ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანის საბჭოთა პრაქტიკა რუსეთში განსაკუთრებით აქტიურად გამოყენებადი გახდა კრემლის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ.