
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინელები შავ ზღვაში რუსულ ფლოტს უზღუდავენ მანევრირების შესაძლებლობას
06/03/2024 13:23:50 მსოფლიო
"სერგეი კოტოვი" რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მესამე გემია, რომელიც ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში ჩაიძირა. ამრიგად, უკრაინა აგრძელებს რუსეთის საზღვაო ძალების თავისუფალი მანევრირემის შეზღუდვას შავ ზღვაში, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სადაზვერვო ანგარიშს ეყრდნობა.
"2024 წლის 15 თებერვალს თანამდებობიდან გაათავისუფლეს შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი“, - ვარაუდობს დაზვერვა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ "სერგეი კოტოვი" რუსეთის შავი ზღვის ფლოტში მხოლოდ 2022 წლის ივლისში შევიდა.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ ხომალდი საზღვაო დრონის სამიზნე 2023 წლის ივლისსა და სექტემბერშიც იყო, თუმცა მცირე დაზიანება მიიღო და მალევე დაბრუნდა ექსპლუატაციაში.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდ "სერგეი კოტოვს" წელიწადნახევრის განმავლობაში ოთხჯერ დაესხნენ თავს. 2024 წლის 5 მარტის ღამეს კორვეტი საბოლოოდ განადგურდა ქერჩის სრუტის მიდამოებში.
უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გემი უკრაინის წინააღმდეგ რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის დასაწყისში მონაწილეობდა ზმეინის კუნძულზე თავდასხმაში და რუსეთი მასზე საზენიტო-სარაკეტო სისტემების განთავსებას აპირებდა.
მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაქვეყნა რუს ოფიცრებს შორის შემდგარი საუბრის აუდიოჩანაწერი, სადაც აღინიშნა, რომ „სერგეი კოტოვი“ მისი განადგურების ღამეს ქერჩის სრუტის მიდამოში საბრძოლო მოვალეობას ასრულებდა საჰაერო თავდაცვის კუთხით
ჩანაწერში ერთ–ერთი ამბობს, რომ სრუტეში საზღვაო დრონების არსებობის შესახებ ცნობილი იყო კორვეტის განადგურებამდე 40 წუთით ადრე.