
ჩრდილოეთ ევროპას თავდასხმით ამჯერად ზახაროვა დაემუქრა
06/03/2024 13:03:36 მსოფლიო
თუ სკანდინავიურ ქვეყნებში ბირთვული ობიექტები გამოჩნდება, ისინი გახდებიან ლეგიტიმური სამიზნეები რუსეთსა და ნატოს შორის ომის შემთხვევაში, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„არ არის აუცილებელი, იყო სამხედრო სტრატეგი, რომ გაიგო: ასეთი ობიექტები იქნება პირდაპირი საფრთხის წყარო და, ბუნებრივია, აუცილებლად მოხვდება ლეგიტიმური სამიზნეების სიაში, რომელიც განსაზღვრულია ჩვენს ქვეყანასა და ნატოს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების სცენარით”, - თქვა ზახაროვამ სირიუსში მიმდინარე "ახალგაზრდულ ფესტივალზე ”(ციტატა პროპაგანდისტული TASS-დან), რომელიც კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერით იმართება.
შედეგად, მისი თქმით, დაზარალდება იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებიც მასპინძლობენ ბირთვულ იარაღს, თუმცა აღარ უსაუბრია, მოვლენათა მსგავსი სცენარით განვიტარების შემთხვევაში, რა მდგომარეობაში ამოყოფს თავს თავად რუსეთი.
მისივე მტკიცებით, სწორედ რუსეთისა და ალიანსის სამხედრო დაპირისპირების სცენარისკენ "მიჰყავთ ფორსირებულად პროცესები აშშ–სა და მის სატელიტებს".
„რამდენად იაზრებენ ფინელი მოქალაქეები თუ რა რისკების წინაშე დგანან, დიდი კითხვაა. <…> იმიტომ, რომ [ასეთი გადაწყვეტილება] ნამდვილად ბევრ რამეს შეცვლის ამ ქვეყნის უსაფრთხოებისა და ამ სახელმწიფოსთვის აქტუალური სხვა საკითხების კონტექსტში“, - დასძინა ზახაროვამ.
მანამდე ფინეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა განაცხადა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს რეალური ბირთვული შემაკავებელი საშუალებები. მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს სტრუბი მხარს უჭერდა ნატოს ბირთვული იარაღის ფინეთის გავლით ტრანსპორტირებას. ამჟამად ფინეთის კანონმდებლობა კრძალავს ქვეყანაში ბირთვული მუხტების იმპორტს, წარმოებას, შენახვას.
სტუბმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილებები ბირთვული ენერგეტიკის სფეროში, მაგრამ იმედოვნებს საკითხისადმი „მოქნილ“ მიდგომას მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან. რუსეთის ელჩმა ჰელსინკში პაველ კუზნეცოვმა ფინეთის გავლით ბირთვული იარაღის ტრანზიტის იდეას საშიში და არაპროგნოზირებადი უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ნეიტრალურმა ფინეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მრავალწლიანი პოლიტიკა შეცვალა და ნატოს წევრი გახდა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო შვედეთმაც. ეს უკანასკნელი ალიანსის 32–ე წევრი ოფიციალურად 11 მარტს გახდება.