Accentnews.ge
Tesla-ს ქარხანას ბრანდენბურგში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ექსტრემისტების დივერსიის გამო

Tesla-ს ქარხანას ბრანდენბურგში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ექსტრემისტების დივერსიის გამო

06/03/2024 11:58:13 მსოფლიო

ბრანდენბურგში რადიკალმა მემარცხენე აქტივისტებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს Tesla-ს ქარხანას. სამშაბათს, 5 მარტს, მათ ცეცხლი წაუკიდეს ანძას და ელექტროგადამცემ ხაზს გრუნჰეიდში, ბერლინთან ახლოს. ამის გამო Tesla-Gigafactory–ს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, ასევე უახლოეს დასახლებულ პუნქტებსაც, Tesla-ს თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

ილონ მასკის საწარმო მთლიანად გაჩერებულია. ის მუშაობას განაახლებს არა უადრეს ერთი კვირისა. ხელმძღვანელობამ რამდენიმე ასეული მილიონი ევროს ოდენობის ზარალის შესახებ განაცხადა.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ „გადაუდებელი დახმარების სისტემები“ ამოქმედდა. თხევადი ალუმინის საამქროში მცირე ხანძარი გაჩნდა, თუმცა მალევე განხორციელდა მისი ლიკვიდაცია. მსხვერპლი არ ყოფილა.

ბერლინის კრიმინალური პოლიციის ოფისმა გამოძიება დაიწყო.

მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ორგანიზაცია Vulkangruppe-მ, რომელიც ოფიციალურად აღიარებულია მემარცხენე ექსტრემისტულად. მან გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც აღიარა დივერსია. ის Tesla-ს "ექსპლუატაციაში" ადანაშაულებს. მემარცხენე ექსტრემისტები ქარხნის „სრულ განადგურებას“ ითხოვენ.

„ესენი არიან ან ყველაზე სულელი ეკოტერორისტები მსოფლიოში, ან მათი მარიონეტები, რომლებიც არ მისდევენ კლიმატის კარგ მიზნებს“, - თქვა ილონ მასკმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში.

რამდენიმე დღის წინ გარემოსდაცვითი ორგანიზაციების Robin Wood-ისა და TeslaStoppen-ის მიერ ქარხნის ირგვლივ საპროტესტო ბანაკი მოეწყო. ხუთშაბათიდან მოყოლებული ასამდე აქტივისტმა საწარმოს მიმდებარედ ტყე დაიკავა, რომლის გაჩეხვაც იგეგმება ქარხნის ტერიტორიის გაფართოებისთვის. გარემოსდაცვითი აქტივისტები უარყოფენ მათ მონაწილეობას დივერსიაში.

Vulkangruppe ასევე ეჭვმიტანილია 2021 წელს Tesla-ს ქარხნის მშენებლობის დროს ჩადენილ დივერსიაში.

ქარხანა გრუნჰეიდში 2022 წელს გაიხსნა. მასში 12 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ევროპაში გასაყიდად დღეში ათასზე მეტ მანქანას აწარმოებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S