
ინდოეთის მოქალაქეები ყვებიან, როგორ აიძულებენ მათ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას
06/03/2024 10:31:34 მსოფლიო
ინდოეთის შვიდმა მოქალაქემ ჩაწერა ვიდეოგზავნილი, რომელშიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის იძულებაზე საუბრობენ. ვიდეო Twitter-ზე NDTV-ის ინდური გამოცემის ჟურნალისტმა უმა სუდირმა გამოაქვეყნა.
ინდოელები ყვებიან, რომ რუსეთში 2023 წლის დეკემბრის ბოლოს ჩავიდნენ, როგორც ტურისტები. ამის შემდეგ, ერთ–ერთმა ტურისტულმა აგენტმა ისინი ბელარუსის მოსანახულებლად მიიწვია: "დავთანხმდით, არ ვიცოდით, რომ ვიზა გვჭირდებოდა. ბელარუსში რომ ჩავედით, აგენტმა ფული გვთხოვა და შემდეგ გაუჩინარდა", - ამბობს ვიდეოს ერთ-ერთი ავტორი.
მათივე თქმით, ბელარუსში ჩასვლისთანავე ინდოეთის მოქალაქეები პოლიციამ დააკავა. შემდეგ ტურისტები გადასცეს რუსეთის ხელისუფლებას, სადაც აიძულეს, რუსულ ენაზე შედგენილ დოკუმენტებზე თარჯიმნის გარეშე მოეწერათ ხელი.
ინდურ გამოცემა News 18-ის ცნობით, ინდოეთის მოქალაქეები 15 დღის განმავლობაში გადიოდნენ სამხედრო წვრთნას და შემდეგ გაგზავნეს „ადგილში, სადაც ომია“. NDTV-ის ცნობით, ინდოელებს უთხრეს, რომ სამხედრო სამსახურის ალტერნატივა შეიძლება იყოს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სუდირი, რომელმაც ვიდეო გამოაქვეყნა, წერს, რომ ისინი „შეიძლება გაგზავნონ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად ნებისმიერ დროს“.