
"კადიროველები რუსული ქვედანაყოფებისგან ყიდულობენ" – კიევი სამხედრო ტყვეებით ვაჭრობაზე საუბრობს
06/03/2024 09:59:10 მსოფლიო
ჩეჩენი სამხედროები სხვადასხვა რუსული ქვედანაყოფებისგან ყიდულობენ უკრაინელ ტყვეებს, მიჰყავთ გროზნოში და შემდეგ ცვლიან მათ კოლეგებში. ამის შესახებ The Times-თან უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა პეტრ იაცენკომ ისაუბრა. გამოცემა სევე გვიამბობს ამ გზით გაყიდული ერთ-ერთი ჯარისკაცის ისტორიას.
უკრაინის 41 წლის მოქალაქე ვიაჩესლავ ლევიცკი ამბობს, რომ რუსებმა ის გასული წლის თებერვალში დაატყვევეს, როდესაც დონეცკის ოლქის სოფელ ავდეევკასთან ღამის შეტევის დროს დაიჭრა ორივე ფეხში. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა მას სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს და რამდენიმე დღის შემდეგ ჩეჩნურ ქვედანაყოფს გადასცეს.
ლევიცკი გროზნოში გადაიყვანეს და საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას ორივე ფეხი და მკლავი მოკვეთეს. როდესაც მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, უკრაინელი სარდაფში გაგზავნეს, სადაც მისი 60-მდე თანამოქალაქე იმყოფებოდა. ლევიცკის მტკიცებით, გასულ ივნისში ზოგიერთი მათგანი კადიროვის მებრძოლებზე გაცვალეს.
2023 წლის ივლისში ლევიცკის ისტორია საზოგადოებას უკრაინულმა ტელეარხმა TNS-მაც უამბო. მასალიდან გამომდინარეობს, რომ უკრაინელი სარდაფში ორჯერ ჰყავდათ დატყვევებული - ჯერ დონეცკში, შემდეგ კი გროზნოში. გარდა ამისა, დასახელდა მეორე სამხედროს სახელი, რომელიც ასევე ჩავარდა ტყვედ ლევიცკისთან ერთად - სერგეი პოტრემაი.
პოტრემეის თქმით, მან თვენახევარი გაატარა სეპარატისტული დონეცკის მხარდამჭერების სარდაფში - სცემდნენ, ელექტროშოკერით აწამებდნენ, დახვრეტით ემუქრებოდნენ, აშიმშილებდნენ. ამის შემდეგ ისინი ჯგუფის შემადგენლობაში კადიროვის მებრძოლებს გადასცეს. პოტრემაი ამბობს, რომ გროზნოს სარდაფებში 39 უკრაინელი ჯარისკაცი იყო და მათგან მხოლოდ ცხრა გაცვალეს 2023 წლის 11 ივნისს.
ჩეჩნეთში გადაყვანილი უკრაინელი ტყვეების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ასევე უცნობია, გრძელდება თუ არა მსგავსი გაყიდვები და რამდენად გავრცელებულია ეს პრაქტიკა. სამხედროები და ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა სიტუაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. სამხედრო ტყვეთა უფლებები დაცულია საერთაშორისო კონვენციებით და მათი დარღვევა საერთაშორისო სამართლის მიერ განიხილება როგორც ომის დანაშაული.