Accentnews.ge
TI მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ჩამონათვალს აქვეყნებს

TI მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ჩამონათვალს აქვეყნებს

06/03/2024 09:19:36 საზოგადოება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI ) მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ჩამონათვალს აქვეყნებს.

"TI ინფორმაციის სისტემატიზებულ შეგროვებას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევათა პერიოდულად განახლებადი კატალოგი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, თვალყური ვადევნოთ ამ დარღვევებს და დავინახოთ მაღალი დონის კორუფციის მასშტაბი", – ნათქვაია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო განახლებით, მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებში შესულია ჯამში 173 საქმე.

"ბოლოს დამატებული შემთხვევები, 2024 წელი:

პარლამენტის ყოფილი წევრის სახელმწიფო შესყიდვები

პარლამენტის ყოფილი წევრის, სერგო ხაბულიანის კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 306 909 196 ლარი მიიღო. ხაბულიანის კომპანიას მოგებული 68 ტენდერიდან 33-ში კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 16 ტენდერი სხვა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.

ხაბულიანმა და მისმა ოჯახმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ 398 000 ლარი გაიღეს.

ხობის მერიის სავარაუდოდ მორგებული ტენდერი

ხობის მერიამ 2024 წლის 17 იანვარს 6 სხვადასხვა დასახლებაში გზების რეაბილიტაციაზე ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 10 818 151 ლარია. მერიის მიერ დადგენილი სატენდერო პირობები კონკურენციას ზღუდავს და სავარაუდოდ, მორგებულია სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია სს არქეოპოლისზე. ხობის მერიის 2023 წლის იანვარში გამოცხადებულ მსგავს ტენდერში სს არქეოპოლისმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის სავარაუდოდ დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის უძრავ ქონებას. მისი ოჯახი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში 6 ბინას ფლობს, მათ შორის ერთ კორპუსში - 5-ს. ცესკო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში მან მიწები შეიძინა ბაზალეთზე და დუშეთში. კალანდარიშვილს 3 ბინა დედის სახელზე აქვს რეგისტრირებული, რომელიც მისივე თქმით, მას ეკუთვნის. კალანდარიშვილს ბინების რუს და ბელარუს მდგმურებზე გაქირავებით მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში არ აქვს მითითებული. ცესკო-ს თავმჯდომარის მეუღლე, სალომე ჩიკვილაძე ბიძინა ივანიშვილის ქართუ ბანკშია დასაქმებული.

ნეპოტიზმი შინაგან საქმეთა სამინისტროში

საგამოძიებო სიუჟეტი აჩვენებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თეიმურაზ მღებრიშვილის ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტებს. ჟურნალისტთან საუბარში, მღებრიშვილმა დაადასტურა, რომ მისი უფროსად დანიშვნის შემდეგ ამავე უწყებაში დასაქმდა მისი ახლო ნათესავი, თუმცა როგორც მათ აღნიშნა, კონკურსის წესით.

საჯარო სექტორში არიან დასაქმებული მღებრიშვილის ოჯახის წევრებიც: მეუღლე, ნანა ფეიქრიშვილი, სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოში, ხოლო შვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის სავარაუდოდ დაუსაბუთებელი ქონება

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ლევან გამყრელიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები და დანახარჯები ერთმანეთს არ შეესაბამება. ლევან გამყრელიძემ 2023 წელს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება შეიძინა და მეუღლესთან ერთად 90 819 ლარი სარემონტო მასალებში დახარჯა, შემოსავლის სახით კი, მხოლოდ 104 775 ლარი მიიღო.

მიტაცებული ტყეები

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს სავარაუდო კორუფციულ სქემას, თუ როგორ იღებენ თბილისის ყველაზე პრესტიჟულ სატყეო ზონებსა და მწვანე სივრცეში მშენებლობის ნებართვებს ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები და მმართველი პარტიის შემწირველები. პირველ ეტაპზე თბილისის სატყეო და სარეკრეაციო ზონებში თბილისის საკრებულო ტერიტორიებს ზონალურ სტატუსს უცვლის, შემდეგ კი მერია მშენებლობის ნებართვებს გასცემს.

სპეციალისტების შეფასებით ამ ტერიტორიებზე გაჩეხილი ტყე და დაკარგული რეკრეაციული სივრცეები სტიქიური უბედურებების შემთხვევების რისკს ზრდის.

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან დაკავშირებული ნეპოტიზმი და დაუსაბუთებელი ქონება

თავდაცვის მინისტრის [უკვე ყოფილი] მოადგილის შვილმა აშშ-ში, მერილენდის შტატში, ქ. ბალტიმორში სახლი 205 000 აშშ დოლარად იყიდა. სიუჟეტით ირკვევა, რომ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის შვილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. თორნიკე ჩიქოვანი დედასთან ერთად ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, ხოლო 2021 წლიდან - თავდაცვის სამინისტროში გადავიდა, მას მერე, რაც ლელა ჩიქოვანიც ამ უწყებაში გადავიდა. 2022 წლიდან მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანებით თორნიკე ჩიქოვანი ქ. ნიუ-იორკში მიავლინეს.

სიუჟეტში ნაჩვენებია ჩიქოვანებს მიერ იძულებით აღსრულების აუქციონზე ქონებების შეძენის საეჭვო შემთხვევებიც.

ბიზნესის რეკეტი ბიძინა ივანიშვილის სახელით და ოთარ ფარცხალაძის შესრულებით

საგამოძიებო სიუჟეტი აჩვენებს ოთარ ფარცხალაძის მიერ აზარტული თამაშების ბიზნესის რეკეტის სქემას. მამხილებელი მამუკა ქუნთელია კრისტალბეთის ყოფილი მეწილეა, რომელმაც კუთვნილი 10%-იანი წილი ოთარ ფარცხალაძის უშუალო მოთხოვნისა და ზეწოლის შემდეგ დათმო. პირველ ეტაპზე მას ფარცხალაძის სახელით სთხოვდნენ ბიზნესში წილის დათმობას, ხოლო შემდეგ საქმეში პირადად ფარცხალაძეც ჩაერთო. ფარცხალაძე მას არწმუნებდა, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დავალებით კეთდებოდა. საბოლოოდ, 2019 წელს ქუთელიამ საკუთარი წილები დათმო. საქმეში ფიგურირებენ ამჟამად სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია.

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ხელშეუხებელი სიძე

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს სასამართლო სხდომის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პატრულ-ინსპექტორმა ანდრია სიხარულიძემ გააჩერა და ალკოტესტის გავლა მოსთხოვა ვახტანგ გომელაურის სიძეს, ზობა მიხანაშვილს, რის გამოც სიხარულიძეზე ჯერ ზეწოლა განხორციელდა, მოგვიანებით კი დაიჭირეს.

მინისტრის სიძესთან მომხდარი ინციდენტიდან თვენახევარში ანდრია სიხარულიძე შსს გენერალურმა ინსპექციამ 300 ლ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. სიხარულიძეს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, საქმის მთავარი მოწმე აგენტ-პროვოკატორია. როგორც სასამართლო სხდომის ჩანაწერიდან ირკვევა, ტაქსის მძღოლი, რომელიც საქმეში მოწმედ ფიგურირებდა, მალე პოლიციაში დასაქმდა.

ოჯახის მტკიცებით დაკავების შემდეგ, სიხარულიძეზე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად იძალადეს", – ნათქვაია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, "მაღალი დონის კორუფციის პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოსა და პროკურატურის კორუფციული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება გადაეცეს დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი რესურსებით, უფლებამოსილებითა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რათა მიუკერძოებლად და საგულდაგულოდ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S