
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა
06/03/2024 06:07:54 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა. ქვეყანაში საჰაერო განგაში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.
უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებები იყო ოდესის, სუმის და ხმელნიცკის ოლქებში. ცნობილია, რომ ქალაქ ოდესის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით დარტყმა იყო ქალაქის სამ სხვადასხვა რაიონში და არიან დაშავებულები.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს 42 დრონით და 5 საზენიტო მართვადი რაკეტით. საჰაერო ძალების თანახმად, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხერსონის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ხარკოვის, ვინიცის და სუმის ოლქების ფარგლებში 38 დრონი ჩამოაგდეს.
მარტის დასაწყისიდან რუსეთის საოკუპაციო ძალები განსაკუთრებით ხშირად ოდესას უტევენ. 2 მარტს, დრონებით შეტევის შედეგად ოდესაში დაინგრა მრავალბინიანი სახლი. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.