Accentnews.ge
უკრაინის დაზვერვა: რუსულ "სერგეი კოტოვზე" სულ მცირე, შვიდი მეზღვაური დაიღუპა

უკრაინის დაზვერვა: რუსულ "სერგეი კოტოვზე" სულ მცირე, შვიდი მეზღვაური დაიღუპა

05/03/2024 20:17:08 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა სულ მცირე 7 მეზღვაურის დაღუპვის შესახებ რუსულ საპატრულო გემზე, რომელსაც 5 მარტის ღამეს დაესხნენ თავს.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, 6 მეზღვაური დაშავდა, ეკიპაჟის 52 წევრი კი სავარაუდოდ ევაკუირებული იქნა. რუსეთის ხელისუფლებას ამ მონაცემებზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გასული ღამის განმავლობაში ანექსირებულ ყირიმში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა, თითქმის 9 საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი საავტომობილო მოძრაობა ყირიმის ხიდზეც. სავარაუდოდ, ამ პერიოდში ქერჩის სრუტის მახლობლად უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაციის შედეგად განადგურდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მორიგი სამხედრო გემი "სერგეი კოტოვი".

ვრცელდება ცნობები, რომ კატერზე შეტევის შედეგად განადგურებულია КА-29 ტიპის საბორტო ვერტმფრენი და საარტილერიო დანადგარიც, ხოლო კატერი იმ დროს ჩაიძირა, როდესაც მის ნავსადგურში ევაკუაციას ცდილობდნენ.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, შეტევა უკრაინული წარმოების Magura V5-ის ტიპის საზღვაო დრონებით განხორციელდა. საზღვაო დრონებზე წერდნენ ომის მომხრე რუსი Z-ბლოგერებიც.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოწინააღმდეგე ამ საპატრულო კატერზე ნადირობდა. ეს არ არის დაუცველი გემი, რომელიც ღია ზღვაში სამიზნედ გამოკიდეს. კატერის ეკიპაჟმა იცის, როგორ მოიგერიოს თავდასხმა ის აღჭურვილია ანტიდივერსიული ყუმბარმტყორცნებით, საარტილერიო დანადგარით და 2 საზენიტო სისტემით. მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეც ვითარდება, ამბობენ, რომ ეკიპაჟი ბოლომდე გმირულად ცდილობდა შეტევის მოგერიებას, მაგრამ ამჯერად ისტორიას ბედნიერი დასასრული არ აქვს"- წერს ერთ–ერთი ამგვარი ბლოგერი ალექსანდრ კოცი.

"სერგეი კოტოვი" ექსპლუატაციაში 2021 წელს, ხოლო ფლოტის შემადგენლობაში 2022 წლის მაისში შევიდა. ამ ტიპის კორვეტების მთავარი ამოცანა პატრულირება და უფრო დიდი გემების დაცვაა. ღია წყაროების მიხედვით, რუსეთის განკარგულებაში სულ 4 ასეთი კატერია და მათი ეკიპაჟი 80 მეზღვაურისგან შედგება. ამ ტიპის კატერები აღჭურვილია 76.2-მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარით და 14.4-მილიმეტრიანი 2 ტყვიამფრქვევით. გარდა ამისა კატერს გააჩნია რადიო-ელექტრონული ბრძოლის მოწყობილობა, მაგრამ როგორც შედეგიდან ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, უკრაინის მიერ წარმოებული საზღვაო დრონები ამ დრომდე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეიარაღებაა, რომლისგან მომავალი საფრთხის განეიტრალება რუსეთმა ჯერჯერობით ვერ შეძლო – მათ გვიან ამჩნევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S