
რუსეთმა ოდესაზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა
05/03/2024 06:22:13 მსოფლიო
რუსეთმა ოდესაზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა.
გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, შეტევისას, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, 22-დან 18 დრონი ჩამოაგდეს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები ოდესის საცხოვრებელ და სამრეწველო რაიონებში მანევრირებდნენ, რაც საფრთხეს უქმნიდა მშვიდობიან მოსახლეობას და ართულებდა საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობას.
სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, შეტევის შედეგად ოდესის რაიონში დაზიანებულია ომის დაწყების შემდეგ დახურული „რეკრეაციული ობიექტის“ შენობები და კერძო სახლი.
2 მარტს ოდესაზე დრონებით შეტევის შედეგად დაინგრა მრავალბინიანი სახლი. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის – 5 ბავშვი.