
ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შინაურ ცხოველთა შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს
04/03/2024 16:06:11 საზოგადოება
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტი განიხილეს და მას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. დოკუმენტს ოთხი კომიტეტი (რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი) განიხილავდა.
კანონპროექტის მომხსენებლის მაია ბითაძის ინფორმაციით, კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი 17 ძირითად მიმართულებას არეგულირებს და იცვლება მთელი რიგი ნორმები და მიდგომები, რაც უკვე მოქმედ კანონმდებლობაშია ასახული.
დღევანელ სხდომაზე მაია ბითაძემ, მათ შორის ისაუბრა ძაღლის შეძენამდე "სწავლების აუცილებლობაზე", რომელიც კანონის მიღებიდან ორ წელიწადში ამოქმედდება.
"ჩვენთვის, ყველასთვის ორ წელიწადში სავალდებულო იქნება რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს და როგორ ვეცადოთ, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული", - აღნიშნა ბითაძემ.
მისი თქმით, ნასამართლევ პირებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, შესაძლოა, "პოტენციურად მომეტებული საფრთხის ჯიშის ძაღლის ყოლა შეეზღუდოთ".
ამასთან, მან ევთანაზიზე ისაუბრა და თქვა, რომ ცოფთან დაკავშირებით ევთანაზია ისე მოხდება, როგორც აქამდე.
"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტში საუბარია ცხოველთა მიტოვების აკრძალვის საკითხებზე, ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების ფუნქციებზე, შინაური ცხოველების (ძაღლი და კატა) მეპატრონის ვალდებულებებზე, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლების კლასიფიკაციაზე და მათი მეპატრონეების ვალდებულებებზე. კანონპროექტში ასევე საუბარია ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შექმნასა და მუნიციპალიტეტებში თავშესაფრის მომზადებაზე და ევთანაზიის, გამრავლების და სხვადასხვა ტიპის ობიექტებში შინაურ ცხოველთა მიკედლება-განთავსების პირობებზე. რაც შეეხება ვაქცინაციასთან და ვეტერინარულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კანონპროექტით ყველა მუნიციპალიტეტისთვის უპატრონო და მიკედლებული ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ვალდებულება შემოდის. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსება გამოეყოფათ.
ინიცირებული პროექტის თანახმად, მაგალითად, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. ამასთან, ცხოველის შეყვანა აიკრძალება საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში და საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.
კანონპროექტი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ (სრულად) იხილეთ აქ.