
რუსეთის "ყველაზე დიდმა" სატანკო პროექტმა ფიასკო განიცადა
04/03/2024 14:01:10 მსოფლიო
რუსეთის ყველაზე დიდმა სატანკო პროექტმა ვლადიმირ პუტინის ეპოქაში - T-14 Armata-ს წარმოებამ, რომელსაც თავისი მახასიათებლებით ამერიკული "აბრამსი" და გერმანული "ლეოპარდ 2" უნდა დაეჯაბნა, უკრაინასთან ომის ფონზე ფიასკო განიცადა,– წერს "მოსკოვ თაიმსი".
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტანკი, რომელზეც 15 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და 2020 წლის დასაწყისისთვის ჯარს ათასობით ერთეულის მიწოდებას ჰპირდებოდნენ, უკრაინის ფრონტზე არ გამოჩნდება, – განაცხადა ორშაბათს Rostec-ის ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა.
მისი თქმით, მიზეზი ტექნიკის მაღალი ღირებულებაა, რომელუც ასობით მილიონ რუბლად ფასდება.
„Armata, ზოგადად, ცოტა ძვირია. ფუნქციონალური თვალსაზრისით, ის, რა თქმა უნდა, ბევრად აღემატება არსებულ ტანკებს, მაგრამ ძალიან ძვირია, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არმიამ გამოიყენოს ის ახლა“, - ციტირებს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტი" ჩემეზოვს.
მისი თქმით, რუსული არმიისთვის იაფფასიანი T-90 ტანკების შეძენა უფრო ადვილია.
გასულ ზაფხულს, კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტული რესურსი TASS იტყობინებოდა, რომ ფრონტზე რამდენიმე T-14 გამოიყენებოდა, მაგრამ ტექნიკის "კიდევ უფრო განვითარება" იგეგმებოდა. არ დაზუსტებულა, კონკრეტულად რისი შეცვლა განიხილებოდა.
გასული წლის დასაწყისში ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულ სატანკო ნაწილში უხალისოდ მიიღეს რამდენიმე ახალი Armata, რადგან ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
”გაურკვეველია, თუ რა ასპექტებმა გამოიწვია ეს რეაქცია, მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსმა ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ აღწერეს T-14 ძრავასთან და თერმული გამოსახულების სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები”, - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ Armata-ს ფრონტზე გაგზავნა სარისკო იქნებოდა, რადგან უცნობია მათი სანდოობა. 11–წლიანი განვითარების მიუხედავად, ტანკს წარმოების მრავალი სირთულე ჰქონდა და სარემონტო და აღდგენითი ობიექტები არ იყო ადაპტირებული მის მძიმე წონაზე.