
მედია: პუტინთან დაახლოებული როტენბერგები საკუთარი არმიის შექმნას გეგმავენ
04/03/2024 13:40:05 მსოფლიო
კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა მილიარდერებმა ბორის და არკადი როტენბერგმა გადაწყვიტეს, შეექმნათ პირადი არმია ფეხბურთის ფანების კერძო სამხედრო კომპანიაზე დაყრდნობით,– ამის შესახებ "ვაჟნიე ისტორიის" სამმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
საუბარია "ესპანიოლაზე" – რუსი ფეხბურთის გულშემატკივრების მოხალისეთა რაზმზე, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში. ამ სტრუქტურის სპონსორი არის რუსეთის რკინიგზის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვიქტორ შენდრიკი, – აცხადებენ გამოცემის თანამოსაუბრეები.
მათი თქმით, შენდრიკი არის როტენბერგების პროტეჟე სახელმწიფო მონოპოლიის ხელმძღვანელობაში, რომელიც მილიარდერების კომპანიების მთავარი დამკვეთია.
„ესპანიოლა" შექმნეს ძირითადად სპარტაკის ფანებმა, შემდეგ როტენბერგები მოვიდნენ იქ კერძო სამხედრო კომპანიის კონტროლის ქვეშ მოქცევის იდეით. ახლა ბევრი მსხვილი კომპანია ქმნის საკუთარ კერძო არმიას და ძმებსაც სურთ, შექმნან პირადი არმია „ესპანიოლა"-ზე დაყრდნობით“, – განუცხადა წყარომ გამოცემას და დასძინა, რომ შენდრიკი სპეციალურად ამისთვის იქნა არჩეული.
შენდრიკმა დაამთავრა გოლიცინის სასაზღვრო ჯარების სამხედრო ინსტიტუტი და მსახურობდა ეფესბე–ს სპეცდანიშნულების რაზმში. ის ბიზნესით იყო დაკავებული ძმებ როტენბერგებთან და სენატორ პაველ ფედიაევის ოჯახთან. 2016 წელს გახდა რუსეთის რკინიგზის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ამავდროულად, შენდრიკი მდიდარი კაცია. რუსების შემოსავლების შესახებ ინტერნეტში გაჟონილი მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2021 წელს მან 2 მილიარდ რუბლზე მეტი გამოიმუშავა.
ფეხბურთის რადიკალი გულშემატკივრების "ესპანიოლას" ფორმირება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "ვოსტოკის" ბატალიონში შედის. 2023 წლის თებერვალში დაჯგუფებამ საკუთარ თავს კერძო სამხედრო კომპანია უწოდა. მასში შედიან დაზვერვის, თავდასხმის, არტილერიის, ელექტრონული ომის, უპილოტო საფრენი აპარატების და სნაიპერების დანაყოფები. "ესპანიოლა" რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კერძო სამხედრო კომპანია "რედუთ"– ის ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ მებრძოლები აფორმებენ სამხედრო კონტრაქტებს "რედუთთან". "ესპანიოლას" მეთაურობს სტანისლავ ორლოვი, მეტსახელად "ესპანელი", ცსკა-ს ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელიც 2014 წლიდან იბრძვის უკრაინაში. "ესპანიოლას" მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს აზოვსტალზე თავდასხმაში, იბრძოდნენ ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით, უგლედართან და ასევე ავდეევკას მახლობლად,– წერს გამოცემა.