
მაია ბითაძე: კანონის მიღებიდან 2 წელში სავალდებულო იქნება, ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება
04/03/2024 13:18:14 საზოგადოება
კანონის მიღებიდან 2 წელში სავალდებულო იქნება, ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.
მისი თქმით, ქვეყანაში სერტიფიცირების სისტემა უნდა შეიქმნას.
"მეგობრებო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ მე კინოლოგი ვარ, მე ვარ ერთი ადამიანი, რომლის ძაღლიც თავის დროზე არასწორად გაწვრთნეს და დღეს მე ძალიან დიდი პრობლემები მაქვს. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც ვფიქრობთ, რომ კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს, რომელიც მისცემს ჩვენს კეთილსინდისიერ კინოლოგებსა და ფენოლოგებს იმის საშუალებას, რომ ის ტრენინგ-კურსები, რომლებსაც ისინი ახლაც ახორციელებენ, მოაქციონ სერტიფიცირების ერთიან სისტემაში, აიმაღლონ თავიანთი სტატუსი, მათ შორის ამ ქვეყანაში და ჩვენთვის, ყველასთვის, ორ წელიწადში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში, გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ჩვენს ძაღლს და როგორ ვეცადოთ იმას, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული", - განაცხადა ბითაძემ.