Accentnews.ge
ზელენსკიმ ერთ თვეში 15 რუსული თვითმფრინავის განადგურების შესახებ განაცხადა

ზელენსკიმ ერთ თვეში 15 რუსული თვითმფრინავის განადგურების შესახებ განაცხადა

04/03/2024 10:00:29 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თებერვლის დასაწყისიდან 15 რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„მხოლოდ ამ კვირაში მოვახერხეთ შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება. სწორედ ისინი ყრიან ამ ბომბებს. თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა. ეს მათი დანაკარგების სწორი დინამიკაა“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ჩამოაგდონ კიდევ უფრო მეტი რუსული სამხედრო თვითმფრინავი და მგრძნობიარე დარტყმა მიაყენონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უფრო დიდ სამიზნეებს, „ერთადერთი საკითხია შესაბამისი იარაღი, რომელიც აქვთ პარტნიორებს და შეიძლება გადაეცეს უკრაინას“.

თებერვლის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ ორ კვირაში უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 13 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი. მათ შორისაა თანამედროვე Su-35 და Su-34 გამანადგურებელ–ბომბდამშენები, ასევე A-50 „მფრინავი რადარი“, რომელიც ჩამოაგდეს აზოვის ზღვის თავზე.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების მაჩვენებლები რუსული სამხედრო ავიაციის განადგურების კუთხით მნიშვნელოვნად აღემატება ომის წინა თვეების მაჩვენებლებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინა უფრო აგრესიული გახდა და რისკავს "პატრიოტის" გამოყენებას ფრონტის ხაზთან ახლოს“, - თქვა ჯასტინ ბრონკმა, ლონდონში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის RUSI-ის უფროსმა თანამშრომელმა.

"პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემის გამშვები შეიძლება, გადაეცეს საჰაერო თავდაცვის მობილურ ჯგუფებს, რომლებიც ჩასაფრებას უწყებონ რუსულ თვითმფრინავებს PAC-2-ის კლასის "მიწა–ჰაერის" 145 კმ-ის რაკეტების გამოყენებით და შემდეგ სწრაფად ცვლის ადგილმდებარეობას კონტრშეტევის თავიდან ასაცილებლად,– აღწერს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო სტრატეგიას ამერიკული "ფორბსი".

ამავდროულად, საბჭოთა S-200 საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენება შეიძლებოდა A-50-ის წინააღმდეგ, რომელიც ჩამოაგდეს ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 160 კმ-ის მანძილზე.

„როგორც ჩანს, რუსული ავიაციის მაღალმა დანაკარგებმა გამოიწვია რუსეთის საჰაერო აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირება აღმოსავლეთ უკრაინაში, თუმცა გაურკვეველია, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე",– აღნიშნავენ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან რუსეთმა დაკარგა 342 თვითმფრინავი და 325 ვერტმფრენი. ამავდროულად, როგორც Forbes-მა აღნიშნა, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს შეუძლია წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული საბრძოლო თვითმფრინავის წარმოება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დანაკარგებზე არ საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S