
მოლდოვა: ლავროვს არ აქვს დემოკრატიაზე ლექციის წაკითხვის უფლება
04/03/2024 08:10:13 მსოფლიო
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება სეპარატისტულ დნესტრისპირეთზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებებს და შეახსენებს, რომ "ლავროვს და კრემლის რეჟიმს არ აქვთ მორალური უფლება, წაიკითხონ ლექციები დემოკრატიასა და თავისუფლებაზე."
"ქვეყანას, რომელიც აპატიმრებს და კლავს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და უსაფუძვლოდ ესხმის თავს მეზობლებს, არაფერი აქვს მსოფლიოსთვის შესათავაზებელი, გარდა სისხლისა და ტკივილისა," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთი სარგებლობს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის უპირატესობებით – თავისი პროდუქციის 70%-ზე მეტის ექსორტს ევროკავშირის ქვეყნებში ახორციელებს:
"მოლდოვა არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომლისთვისაც თავისუფლება და ადამიანის უფლებების პატივისცემა ფუნდამენტური ღირებულებებია. ჩვენ ვაშენებთ ევროპულ მომავალს, რათა ყველა ჩვენმა მოქალაქემ, განურჩევლად ენისა და ეროვნებისა, იცხოვროს მშვიდობასა და კეთილდღეობაში".
ერთი დღით ადრე ლავროვმა განაცხადა, რომ მოლდოვა ბლოკავს მოლაპარაკებების პროცესს "5+2" ფორმატში. რუსი მინისტრი მოლდოვას ასევე ადანაშაულებს "ყველაფერი რუსულის ბლოკირებაში, რუსული ენის დისკრიმინაციაში," ასევე "სერიოზულ ეკონომიკურ ზეწოლაში დნესტრისპირეთზე."
28 თებერვალს დნესტრისპირეთის ე.წ. "დეპუტატები" შეიკრიბნენ კონგრესზე და მიიღეს მიმართვა რუსეთისადმი "მოლდოვის ზეწოლისგან დაცვის" მოთხოვნით.