
სირსკიმ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ცვლილებები დააანონსა
02/03/2024 15:43:57 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ საკადრო ცვლილებები დააანონსა.
მისი თქმით, ცვლილებები შეეხება ზოგიერთი ბრიგადის მეთაურს, რომელთა ქმედებები საფრთხეს უქმნის უკრაინელი სამხედროების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
"სამი დღის განმავლობაში ნათელი გახდა, თუ რატომ ხდება, რომ პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისა და ტექნიკური აღჭურვის ერთი და იმავე მაჩვენებლების პირობებში, ზოგიერთი ბრიგადა ახერხებს მტრის თავდასხმების შეკავებას და პოზიციების დაცვას, სხვები კი ვერ. უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკიდებულია ბრიგადის მეთაურზე, მის მომზადების დონეზე, გამოცდილებაზე, ადეკვატური და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარზე და დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე, ქვეშევრდომების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე აღებული პასუხისმგებლობის სრულად გაცნობიერებაზე". - თქვა სირსკიმ.
მისი თქმით, ცალკეულ ბრიგადებში, სადაც პერსონალის მომზადების პრობლემაა, "გამოცდილების გადასაცემად და დახმარების გასაწევად სპეციალისტთა ჯგუფები გაგზავნა".
"ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მეთაური ვერ აკონტროლებს სიტუაციას და ქმედებები და ბრძანებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეშევრდომების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იძულებული ვარ მივიღო საკადრო გადაწყვეტილებები". - თქვა სირსკიმ.
ხარვეზების გამოვლენაზე მან ორიოდ დღის წინაც ისაუბრა.