
მედია: ჩრდილოეთ კორეამ შეაჩერა რუსეთისთვის ჭურვების მიწოდება
01/03/2024 19:15:12 მსოფლიო
რუსულმა გემებმა, რომლებიც რეგულარულად დაცურავდნენ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთის პორტებს შორის გასული წლის შემოდგომიდან, შეწყვიტეს ცურვა. უკვე თითქმის სამი კვირაა, რაც ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთს არ მიეწოდება კონტეინერები, რომლებიც დასავლეთის და სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, უკრაინაში რუსული ძალების მიერ გამოყენებული ჭურვებით იყო დატვირთული. კორეის რაჯინის პორტიდან მიწოდება ხორციელდებოდა აგვისტოს ბოლოდან და პროცესში ოთხი საკონტეინერო ხომალდი - Maya 1, Angara, Maria და Lady R - სხვადასხვა ინტენსივობით მონაწილეობდა, იუწყება სეულის საინფორმაციო –ანალიტიკური პორტალი NK Pro, რომელიც აკვირდება ვითარებას და სატელიტურ ფოტოებს სწავლობს.
ამავე წყაროს ცნობით, გემებმა მინიმუმ 32ჯერ იმოგზაურეს ჩრდილოეთ კორეაში. ისინი დაცურავდნენ რაჟინისა და პრიმორსკის ორ პორტს შორის - სოფელ დუნაის კონიუშკოვის ყურეში და ვოსტოჩნის პორტში ნახოდკას მახლობლად. შემდეგ ტვირთი სარკინიგზო გზით მიიტანეს ტიხორეცკში კრასნოდარის მხარეში, რომელიც მდებარეობს აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან 200 კილომეტრში. მანამდე იგივე ხომალდების იდენტიფიცირება ბრიტანულმა დაზვერვამაც მოახერხა.
საკონტეინერო გემი Lady R ახორციელებდა ტრანსპორტირებას ოქტომბრის ბოლომდე, შემდეგ იმყოფებოდა ვლადივოსტოკში (სავარაუდოდ, გეგმიურ შემოწმებაზე), 16 იანვარს მან მიიღო სერთიფიკატი, მათ შორის სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის, შემდეგ კი ერთი რეისი განახორციელა, ეწვია რაჯინს 4 თებერვალს, – წერს NK Pro და დასძენს, რომ ეს იყო რუსული გემების ბოლო მოგზაურობა: 12 თებერვალს Maya 1 რაჯინში ჩავიდა. მას შემდეგ თანამგზავრებს არც ერთი ცურვა არ დაუფიქსირებიათ ჩრდილოეთ კორეის პორტში:
"ოპერაციები შესაძლოა, შეჩერდა ჩრდილოეთ კორეაში წარმოების შეფერხების ან სხვა ლოგისტიკური საკითხების გამო. ასევე არ არის გამორიცხული, რომ რუსეთში იარაღის ტრანსპორტირება საჰაერო ან სარკინიგზო ტრანსპორტით მოხდეს".
რაც შეეხება გემებს, რომლებიც ადრე სანქციების ქვეშ მოყვნენ, ისინი ახლა არც დუნაიში იმყოფებიან და არც ვოსტოჩნიში. Maya 1, Maria და Lady R 27 თებერვალს ვლადივოსტოკთან იმყოფებოდნენ. Angara – ჩინეთში – სარემონტოდ,– წერს NK Pro.
შემოდგომაზე შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფხენიანმა მოსკოვს 1 მილიონი ჭურვი მიაწოდა. იანვარში Bloomberg სამხრეთ კორეის დაზვერვის შეფასებებზე დაყრდნობით წერდა 2 მილიონ ჭურვზე და რამდენიმე ბალისტიკურ რაკეტაზე. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ-სიკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გაგზავნა დაახლოებით 6 700 კონტეინერი, რომელიც დაახლოებით 3 მილიონი 152 მმ-იან ჭურვებით იყო დატვირთული.