
უკრაინა: თებერვალში საჰაერო ძალებმა 13 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს
01/03/2024 17:39:50 მსოფლიო
თებერვალში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს 13 რუსული თვითმფრინავი, ეს არის უკრაინელი სამხედროების საუკეთესო შედეგი 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ, – იტყობინება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო.
სამხედრო უწყებაში განმარტეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა გაანეიტრალეს:
- 10 ერთეული გამანადგურებელი–ბომბდამშენი სუ-34;
- 2 ერთეული გამანადგურებელი სუ-35;
- ერთი ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური A-50.
„მადლობას ვუხდით ჩვენს ჯარისკაცებს ეფექტური მუშაობისთვის და ჩვენს პარტნიორებს - უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
29 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სამი რუსული სუ-34 გამანადგურებელ–ბომბდამშენი ჩამოაგდეს.
19 თებერვალს საჰაერო ძალების სარდლობამ და მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ გამოაცხადეს რუსული სუ-34–ის გამანადგურებელ-ბომბდამშენის და სუ-35–ეს–ის განადგურების შესახებ.
23 თებერვალს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია რუსული A-50–ის ჩამოგდების თაობაზე, რაც, ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, სერიოზულად შეამცირებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე რუსეთის ავიაციის საცეცხლე ზემოქმედების ინტენსივობას. პირველი ასეთი თვითმფრინავი აზოვის ზღვაზე მიმდინარე წლის იანვარში ჩამოაგდეს. უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თვითმფრინავი უკრაინელმა მეზენიტეებმა შორეული მოქმედების სარაკეტო კომპლექს С-200-ით ჩამოაგდეს. უკრაინის სარდლობის ცნობით, თვითმფრინავთან ერთად დაიღუპა მისი ათკაციანი ეკიპაჟი, მათ შორის, ხუთი მაიორის რანგის ოფიცერი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ დანაკარგების შესახებ არაფერი უთქვამს.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, 1 მარტის დილისთვის რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 345 თვითმფრინავი დაკარგა.