
ევროკავშირის ბოლო ქვეყანამ თქვა უარი რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტზე
01/03/2024 14:46:47 მსოფლიო
1 მარტიდან ბულგარეთმა უარი თქვა რუსეთის ნავთობის მიღებაზე - ევროკავშირის ბოლო ქვეყანამ, რომელიც აგრძელებდა ამ რესურსის იმპორტს რუსეთიდან საზღვაო გზით მიუხედავად გასულ წელს დაწესებული შეზღუდვებისა.
ბრიუსელმა ბულგარეთს ნება დართო, გაეგრძელებინა შესყიდვები რუსეთის ფედერაციიდან 2024 წლის ბოლომდე, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ვადაზე ადრე შეუერთდეს ნავთობის ემბარგოს. ბულგარეთის პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება „მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე რუსეთის პირდაპირი დაფინანსების“ შეწყვეტის აუცილებლობით ახსნა.
2023 წლის ბოლოს ბულგარეთი რუსეთიდან ყოველდღიურად 200 ათას ბარელამდე ნავთობს ყიდულობდა, ამარაგებდა "ლუკოილის" საკუთრებაში არსებულ ბურგასის გადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ერთადერთია ქვეყანაში. წელიწადში 8,8 მილიონი ტონა სიმძლავრის ქარხნისთვის, რომელსაც "ლუკოილი" 1999 წლიდან ფლობს 500 ბენზინგასამართ სადგურთან ერთად, შემოიღეს 60%–იანი მოგების გადასახადი.
ბულგარეთი რუსულ ნავთობს ანაცვლებს ყაზახეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდებებით. LSEG-ის მონაცემებით, უკვე იანვარში, ბურგასის გადამამუშავებელმა ქარხანამ მიიღო 120 ათასი ტონა ყაზახური ნავთობი, 76 ათასი ტონა – ერაყული, ასევე ტუნისიდან – 33 ათასი ტონა ტვირთი.
დეკემბერში "ლუკოილმა" განაცხადა, რომ დაიწყო მუშაობა ბულგარეთში სტრატეგიის გადასინჯვის მიზნით, მნიშვნელოვნად ცვალებადი პირობების გამო. „საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის ბიზნესის გაყიდვა“, - აცხადებენ კომპანიაში.