
ოჯახი ამბობს, რომ გატაცებულ 13 წლის გოგოს ვერ პოულობენ
01/03/2024 12:34:29 საზოგადოება
ოჯახის ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის გოგო თანასოფლელმა, ასევე არასრულწლოვანმა, 16 წლის ბიჭმა გაიტაცა. შემთხვევა მოხდა 27 თებერვალს, თუმცა ამის შესახებ მედიას ინფორმაცია 1 მარტს გოგოს ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ მიაწოდა, რაც პოლიციამ 13 წლის გოგოს ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლია.
როგორც გოგოს მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, თანასოფლელმა მისი შვილი ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა.
„ჩვენ სახლი აქაც გვაქვს. მე ყაზახეთში ვიყავი და ჩემი ოჯახი ამ პერიოდში თბილისში ცხოვრობდა. რამდენიმე დღის წინ ნათესავის გარდაცვალების ერთი წლისთავზე ვიყავით ჩამოსული. ღამით ბიჭმა გოგო სახლიდან მოტყუებით გაიყვანა და მოიტაცა. ჩვენ მაშინვე გავაგებინეთ პოლიციას. ასევე ბიჭის ოჯახმა გვითხრა, რომ გოგოს 28 თებერვალს დააბრუნებდნენ, თუმცა ამ დრომდე არ ვიცი, სად არის ჩემი გოგო“, - უთხრა ჟურნალისტებს მოზარდის მამამ.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
საქართველოს კანონმდებლობით, 18 წლამდე ასაკის პირის ქორწინება აკრძალულია.