
ნავალნის დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი მივიდა, ვრცელდება ცნობები დაკავებების შესახებ
01/03/2024 12:01:25 მსოფლიო
ციხეში დაღუპულ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნისთან გამომშვიდობების მსურველთა რიგი ერთი კილომეტრზეა გადაჭიმული, იუწყება "კომერსანტის" ჟურნალისტი ალექსანდრე ჩერნიხი.
ადგილზე ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს. მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. ვრცელდება ცნობები, რომ პოლიციელები გულმოდგინეთ ჩხრეკენ მოქალაქეებს, რომელთაც ხელში თაიგულები უჭირავთ. მანამდე, მაგალითად სტუდენტებს დაეგზავნათ შეტყობინებები მუქარით, რომ დაკრძალვაზე გასვლის შემთხვევაში გარიცხვა ემუქრებათ. ასევე ვრცელდება ცნობები რეგიონებიდან დაძრული მოქალაქეების შეჩერების, ჩხრეკისა და დაკავების შესახებ.
ხალხმა მარინოს ტაძართან, სადაც პანაშვიდი იმართება, ხალხმა მისვლა დაკრძალვის ცერემონიამდე ორი საათით ადრე დაიწყო.
ცხედარი ოჯახს გადვიანებით გადასცეს. იმ დროისთვის, როცა ნავალნის ცხედარი ტაძრის ეზოში შეასვენეს, ადგილზე ასობით ადამიანი იყო, მათ შორის აშშ–ის, საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოების წარმომადგენლები.
მოქალაქეები ნავალნის აპლოდისმენტებით შეხვდნენ, სკანდირებდნენ, "ნავალნი", "არ გეშინოდა, არც ჩვენ გვეშინია".
ბორისოვის სასაფლაო, სადაც პოლიტიკოსი უნდა დაკრძალონ, ასევე პოლიციაა მობილიზებული.
ნავალნის სიკვდილის შესახებ ფედერალურმა სასჯეაღსრულებამ ცნობა 16 თებერვალს გაავრცელა. დასკვნაში მიზეზად მითითებულია "ბუნებრივი სიკვდილი". მანამდე ნავალნი 27–ჯერ გადაიყვანეს სადამსჯელო საკანში. ოჯახს ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ანახევდნენ ცხედარს. მოგვიანებით დედამ ისაუბრა ზეწოლის შესახებ, რომ მისგან საიდუმლო დაკრძალვას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდნენ, რომ ნავალნის კოლონიის საფლავზე დაკრძალავდნენ.