
შოლცი – Taurus-ზე: არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება, მოსკოვამდეც მიაღწიოს
01/03/2024 08:04:20 მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემისგან თავშეკავების მიზეზებზე.
"იარაღზე, რომელიც 500 კილომეტრს აღწევს და თუ არასწორად იქნება გამოყენებული, მოსკოვში კონკრეტულ სამიზნეებსაც მიწვდება, გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა." – თქვა გერმანიის კანცლერმა დრეზდენში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
შოლცის თქმით, გერმანიამ უნდა იცოდეს, რა სამიზნეებზე მიიტანენ დარტყმებს ამ რაკეტებით.
მან კვლავ თქვა, რომ თუ გერმანია უკრაინას Taurus-ებს გადასცემს, ბერლინს მათ გამოყენებაში ჩართულობა მოუწევს, "რაც შეუძლებელია".
26 თებერვალს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ ბერლინმა უარი თქვა უკრაინისათვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიცემაზე. შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ ამ იარაღის გადაცემა უახლოეს მომავალში დღის წესრიგში არ იქნება.
შოლცის აზრით, ამ იარაღის მიწოდების შემთხვევაში ძალიან დიდი იქნებოდა გერმანიის ომში მონაწილეობის საშიშროება. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერს მიაჩნია, რომ უკრაინას ახლა "სრულიად განსხვავებული“ საბრძოლო მასალა სჭირდება.
კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ უკრაინელებმა ამ რაკეტებით შესაძლოა, სამიზნეებს შეუტიონ რუსეთის ტერიტორიაზე. კიევი კი აცხადებს, რომ ამ ტიპის რაკეტები მას მხოლოდ ქვეყნის დასაცავად სჭირდება.