
მედია: რუსეთის უშიშროების ძალებმა თბილისიდან გაიტაცეს კაცი, რომელიც წამების შესახებ საუბრობდა
01/03/2024 07:55:54 საზოგადოება
ნიჟნევარტოვსკის მკვიდრი ილკინ მელიკოვი, რომელიც რუსეთის უშიშროების ძალების მხრიდან ძალადობის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში გაიქცა, თბილისიდან გაიტაცეს, იძულებით დააბრუნეს რუსეთში და დააკავეს. ამასთან, აიძულეს, ხელი მოეწერა დოკუმენტზე საზღვრის ნებაყოფლობით გადაკვეთის თაობაზე,– ამის შესახებ მელიკოვმა, რომელიც ამჟამად ეკატერინბურგის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, გამოცემა «Вот Так»–ს უამბო.
მელიკოვი ამტკიცებს, რომ ის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა უცნობმა პირებმა თბილისიდან 2022 წლის აპრილში გაიტაცეს, გადაიყვანეს ჯერ ვლადიკავკაზში, ხოლო შემდეგ ნიჟნევარტოვსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში.
2019 წლის სექტემბერში მელიკოვი ნიჟნევარტოვსკში დააკავეს და მოწმის სახით დაკითხეს. გამოცემისთვის მიწერილ წერილში კაცი ყვება, რომ ის პოლიციამ აწამა და ნარკოტიკების ჩადებით დაემუქრა, მაგრამ საბოლოოდ გაათავისუფლეს. მან საჩივარი დაწერა პროკურატურაში, თუმცა საქმე არ აღიძრა და ერთ თვეში რუსეთიც დატოვა ხელმეორედ დაკავების შიშით.
ამჟამად მას ექსტრემიზმს ედავებიან.