
მედია: ღაზაში პალესტინელებს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების დანაწილებას ელოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი
29/02/2024 16:35:05 მსოფლიო
"ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 29 თებერვალს ისრაელის ჯარებმა ქალაქ ღაზაში ცეცხლი გაუხსნეს თავმოყრილ პალესტინელებს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების დანაწილებას ელოდნენ, – იუწყება The Associated Press.
მისი ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 100-ზე მეტი ადამიანი.
როგოც The Associated Press იტყობინება, თვითმხილველების ამბობენ, რომ ისრაელის ჯარებმა ცეცხლი გახსნეს მას შემდეგ, რაც ხალხმა სატვირთო მანქანებიდან ფქვილისა და კონსერვების გადმოღება დაიწყო.
გამოცემის ცნობით, ისრაელმა აღიარა, რომ მისმა ჯარებმა ცეცხლი გახსნეს და დასძინა, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც "ბრბო სამხედროებს სახიფათოდ მიუახლოვდა".
ქალაქი ღაზა და მიმდებარე ტერიტორიები ისრაელის არმიის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო იერიშის პირველი სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ოპერაცია 7 ოქტომბერს რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა, რომლის შედეგად 1200-მდე ისრაელელი იქნა მოკლული და 240-მდე მძევლად აყვანილი. რაც შეეხება ღაზაში დაღუპულთა მაჩვენებელს, "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცამებით, 7 ოქტომბრის შემდეგ დაღულთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა.