Accentnews.ge
ბაკალავრზე კურსების ნაწილი 3-წლიანი, მაგისტრატურაზე კი 1-წლიანი გახდა

ბაკალავრზე კურსების ნაწილი 3-წლიანი, მაგისტრატურაზე კი 1-წლიანი გახდა

29/02/2024 16:14:33 საზოგადოება

ბაკალავრზე კურსების ნაწილი 3-წლიანი, მაგისტრატურაზე კი 1-წლიანი გახდა. შესაბამისი ცვლილება განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარის 2019 წლის 30 სექტემბრის ბრძანებაში შევიდა.

როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ბაკალავრიატის მიმართულებით ცვლილებები იქნება ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამის, მაგისტრატურაში კი ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში.

ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

მინისტრის ბრძანება:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

  • ეს წესი განსაზღვრავს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავების წესს, პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ რეგულაციებს.
  • ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მუხლი 2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, მისი კომპონენტები და კრედიტების განაწილება

  • ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, შესაძლებელია შემუშავებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით.
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული "სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ განსაზღვრული ხელოვნების, ბიზნესი და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოუკიდებლად, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ განსაზღვრული ხელოვნების, ბიზნესი და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა (რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს), რომელიც არ ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, შესაძლებელია აგებული იყოს შემდეგი პრინციპით:ა) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და თავისუფალი კომპონენტები;ბ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით), დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი) და თავისუფალი კომპონენტები;გ) ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი)/დამატებითი პროგრამები.
  • ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაში შესაძლებელია მხოლოდ იმ დამატებითი პროგრამის/პროგრამების კომბინირება, რომლის შესაბამისი სწავლის სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე ხორციელდება ავტორიზებულ ან აკრედიტებულ რეჟიმში.
  • ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წესის მიხედვით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხვის წესის შესაბამისად.

მუხლი 3. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და დაშვების წინაპირობა

  • მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავება და განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვის.
  • ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა და არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში. ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესს და პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

მოგვიანებით, ცვლილების დეტალებზე განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, უნივერსიტეტის არჩევანი იქნება დანერგავს 3-წლიან თუ 4-წლიან სამაგისტრო პროგრამას;

"შეუძლიათ, ორივე პროგრამა განახორციელონ, ან ერთ-ერთი. შესაძლებლობას ვხსნით, ფანჯარას, კარს, რომ 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა, პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის პროგრამებისთვის იყოს. აქვე ვაანონსებ, რომ ამით არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობას, სადაც ეს შესაძლებელი იქნება".

რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, ამილახვარი განმარტავს, რომ იგეგმება 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამების დანერგვა, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით:

"ერთწლიანით არ იქნება შესაძლებელი სადოქტორო საფეხურის გაგრძელება. ესეც დადგენილია ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებისთვის, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სხვა მიმართულებებიც გავხსნათ. აქვე ვიტყვი, რომ ამ 60-კრედიტიან, ანუ ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას ექნება ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - შესაძლებელი იქნება ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაბარება. თუმცა თუკი აბიტურიენტს გრანტის მოპოვების სურვილი ექნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუწევს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა. რეალურად ეს არის ძალიან მოქნილი, როგორც ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რადგან უნივერსიტეტებს მივცემთ ორივე პროგრამის განხორციელების უფლებას, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე".

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S