
მედია: ტრამპმა ორბანი საკუთარ რეზიდენციაში მიიწვია
29/02/2024 11:37:45 მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც კვლავ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, 8 მარტს გეგმავს, უმასპინძლოს უნგრეთის პრემიერ–მინისტრს ვიქტორ ორბანს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში,– წერს "ბლუმბერგი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. შეხვედრის შესახებ მანამდე The New York Times იტყობინებოდა.
უნგრეთის საელჩომ ვაშინგტონში, ტრამპის შტაბმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არ უპასუხეს კითხვას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ორბანი, ისევე როგორც ტრამპი, მისდევს პოპულისტურ პოლიტიკას და გამორჩეულად ფიგურირებს, როგორც ევროპის ულტრამემარჯვენე ფლანგის ლიდერი.
მარ-ა-ლაგოში დაგეგმილი შეხვედრა ხაზს უსვამს, რომ ტრამპი აძლიერებს წინასაარჩევნო კონტექსტში საგარეო პოლიტიკის საკითხებს, – აღნიშნავს მედია.